Facebook Twitter

საქმე # 020141221004293456

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1711-21 4 მარტი, 2021 წელი

ნ–ი ვ., 1711-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ნ–ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის განაჩენით ვ. ნ–ი, – დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 7 წლით, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ვ. ნ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 16 დეკემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით შეიცვალა: ვ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 7 წლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ვ. ნ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 16 დეკემბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ნ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ნ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ნ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

7. მსჯავრდებულ ვ. ნ–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 25 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 265-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

4. წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ვ. ნ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხულ ქმედებებზე, კერძოდ:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით ვ. ნ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. ჩადენილ ქმედებებთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი კი არ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის რაიმე სახის შეღავათს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ნ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე