საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №172I -21 თბილისი
ბ-ა ი-ა, 172I -21 5 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. ბ-ას პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის განაჩენით ი. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2006 წლის 23 იანვრიდან.
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ი. ბ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ნასამართლევი ი. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. ი. ბ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2014 წლის 25 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენით ი. ბ-ა, - - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ბ-ას განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 5 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.
2.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ბ-ამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას მის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე და ბოლო განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შეცვლას იმ საფუძვლით, რომ იგი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით დადგენილი დანაშაულის ჩადენამდე არ იყო ნასამართლევი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ი. ბ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, თუ იგი ნასამართლობის არმქონეა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განაჩენით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს ი. ბ-ა ნასამართლევი იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით.
3. რაც შეეხება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე მსჯავრდებულ ი. ბ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, რაც შეესაბამება 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ი. ბ-ა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ყაჩაღობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. ამდენად, მსჯავრდებულ ი. ბ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი. ბ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე