Facebook Twitter

¹ბს-1269-844(კ-05) 13 ივნისი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია

კასატორები _ ზ. კ-ე, დ. გ-ე (არ გამოცხადდა), ც. ა-ა (არ გამოცხადდა), მ. ო-ა (არ გამოცხადდა), ვ. შ-ე (არ გამოცხადდა), ო. ა-ე (არ გამოცხადდა), კ. გ-ე (არ გამოცხადდა), წარმომადგენელი გ. გ-ე; ა. ბ-ე (არ გამოცხადდა), ც. ა-ე (არ გამოცხადდა), ნ. დ-ე (არ გამოცხადდა), გ. ა-ე (არ გამოცხადდა), თ. ჩ-ი (არ გამოცხადდა), გ. ჭ-ე (არ გამოცხადდა), ნ. ჭ-ე (არ გამოცხადდა), გ. მ-ე (არ გამოცხადდა), ს. კ-ე (არ გამოცხადდა)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის .......... ბაღი (წარმომადგენელი არ გამოცხადდა)

მესამე პირი _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა (წარმომადგენელი არ გამოცხადდა)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 6 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ სარგებლობაში არსებული ბინების სტატუსის განსაზღვრა და სათანადო საბუთების გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 4 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ც. ა-ემ, მ. ო-ამ, ნ. და გ. დ-ეებმა, კ. გ-ემ, თ. ჩ-მა, გ. ჭ-ემ, ზ. კ-ემ, დ. გ-ემ, ნ. ჭ-ემ, გ. მ-ემ, შ. კ-ემ, ს. კ-ემ, ა. ბ-ემ, ც. ა-ამ, მ. მ-ემ, ვ. შ-ემ, ო. ა-ემ, ჯ. ა-ემ მოპასუხე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ........ ბაღის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ......... ბაღის დირექციისათვის საბუთის გაცემის დავალება მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებულ ბინების ფართზე და სტატუსზე, არსებული გეგმის მიხედვით.

მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელეები წლების მანძილზე მუშაობდნენ ......... ბაღში და ცხოვრობდნენ ......... ბაღის ტერიტორიაზე განლაგებულ სხვადასხვა ნაგებობებში. ზოგიერთი დღესაც აგრძელებდა შრომით ურთიერთობას ........... ბაღთან. მოსარჩელეები ამჟამადაც ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდნენ ბაღის ტერიტორიაზე განლაგებულ ნაგებობებში, თუმცა არ გააჩნდათ საცხოვრებელი ფართის ფლობის შესახებ სათანადო დოკუმენტები. მათ მიმართეს .......... ბაღის ადმინისტრაციას და მოითხოვეს დაკავებული ბინების ფართსა და სტატუსზე ოფიციალური საბუთის გაცემა. ......... ბაღის ადმინისტრაცია უარს ეუბნებოდა მათ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 2-3, 19-20, 35-37, 58-59, 90-92).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 იანვრისა და 11 იანვრის განჩინებებით მოსარჩელეთა სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ს.ფ. 33, 124).

მოპასუხე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ........ ბაღმა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებს დაკავებული საცხოვრებელი ფართები გადაცემული ჰქონდათ ....... ბაღის ტერიტორიაზე მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნული ბინები წარმოადგენდა საუწყებო სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის, დ. გ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ......... ბაღის ადმინისტრაციას დაევალა, უზრუნველეყო ......... ბაღის საცხოვრებელი ფართით მოსარგებლე პირები მათ მიერ დაკავებულ ფართზე სათანადო დოკუმენტებით, საცხოვრებელი ფართის ჩვენებით და საცხოვრებელი სადგომის სტატუსის შესახებ, დამტკიცებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ დამტკიცებული და სასამართლოში წარდგენილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ........... ბაღის სამსახურებრივი საცხოვრებელი ბინების სტატუსი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ......... ბაღის წარმომადგენლის განმარტება, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე მხარეს დაწყებული ჰქონდა ხელშეკრულებების გაფორმება საცხოვრებელი სადგომის ქირავნობაზე ......... ბაღის სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომში მცხოვრებ ყველა დამქირავებელთან, რომლებიც კანონიერად იყვნენ ჩაწერილი (რეგისტრირებული) ბაღის საბინაო წიგნში და შესაბამისად, გასცემდა პასპორტს (დანართს) სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებაზე მათ მიერ დაკავებული ფართის მიხედვით. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ........ ბაღის ადმინისტრაციის მოსაზრება, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სარჩელი იმ ნაწილში, სადაც ისინი მოითხოვდნენ ბინის ორდერის, დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე ნახაზის გაცემას და სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის სტატუსის შეცვლას, რადგან აღნიშნული მოთხოვნები ........... ბაღის კომპეტენციაში არ შედიოდა და არც ახალი სამოქალაქო კოდექსით იყო გათვალისწინებული. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვეოდა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებითა და 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილებით ......... ბაღის შენობა-ნაგებობები და საცხოვრებელი სადგომები პრივატიზაციას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 166-167).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. კ-ემ, დ. გ-ემ, ნ. ჭ-ემ, გ. მ-ემ, ს. კ-ემ, ა. ბ-ემ, ც. ა-ემ, ც. ა-ამ, ვ. შ-ემ, ო. ა-ემ, კ. გ-ემ, ნ. დ-ემ, გ. ა-ემ, თ. ჩ-მა, გ. ჭ-ემ და მ. ო-ამ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტთა განმარტებით, ......... ბაღის ხელმძღვანელობამ არასწორად მიანიჭა მათ საცხოვრებელ სახლებს სამსახურებრივი სადგომის სტატუსი, რამდენადაც სადავო საცხოვრებელი სახლები წარმოადგენდა საუწყებო სადგომებს. ამას ადასტურებდა საბინაო კოდექსის 112-ე მუხლი, რომლის მიხედვით სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომი განკუთვნილი იყო იმ მოქალაქეთა ჩასახლებისათვის, რომლებსაც თავიანთი შრომითი ურთიერთობის ხასიათის გამო სამუშაო ადგილზე ან მის მახლობლად უნდა ეცხოვრათ. საცხოვრებელი სადგომი სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომთა რიცხვში შეიტანებოდა სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამ დანიშნულებით, როგორც წესი, გამოიყოფოდა ცალკე ბინა. .......... ბაღის საცხოვრებელ სადგომში ბინები მხოლოდ ¹1 სახლში იყო. იგივეს ითვალისწინებდა “საქართველოს რესპუბლიკაში სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიცემისა და სარგებლობის წესის შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 12 სექტემბრის ¹601 დადგენილება. ამ დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომისათვის გამოიყოფოდა, როგორც წესი, ცალკე ბინები. არ დაიშვებოდა სამსახურებრივი სადგომების მიცემა სადგომში, რომელშიც თუნდაც ერთი სადგომი სამსახურებრივი არ იყო. ამ შემთხვევაში ¹1 სახლის 7 ბინა დათმობილი ჰქონდა ლაბორატორიებს, რომლებიც არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომად. გარდა ამისა, ......... ბაღის არც ერთი საცხოვრებელი სადგომი არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სანიტარულ-ტექნიკურ მოთხოვნებს, რაც სადავო სადგომების სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომთა რიცხვში შეტანას ასევე გამორიცხავდა. იმის გათვალისწინებით, რომ ......... ბაღის საცხოვრებელი სადგომების არასწორი სტატუსი დამტკიცებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ და ......... ბაღის კომპეტენციაში (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისგან დამოუკიდებლად) არ შედიოდა საცხოვრებელ სადგომებზე რაიმე სახის საბუთის გაცემა, აპელანტებმა ითხოვეს მოცემულ საქმეზე თანამოპასუხეებად ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩაბმა. გარდა ამისა, აპელანტებმა მიუთითეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, ცვლიდნენ სარჩელის მოთხოვნას და აქედან გამომდინარე, ითხოვდნენ: ........... ბაღზე რიცხული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ახლადმინიჭებული სტატუსის გაუქმებას, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის მიერ და მიღებული იყო ........ ბაღის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, ოქმი ¹9, 24.09.2004წ.; აღნიშნული შენობა-ნაგებობების, როგორც საუწყებო საცხოვრებელი სადგომების სტატუსის განსაზღვრას; ......... ბაღის ადმინისტრაციისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელეთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების კანონით გათვალისწინებული საბუთების გაცემის დავალებას (ს.ფ. 174-176).

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 6 ივნისის განჩინებით ზ. კ-ის, დ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. მ-ის, ს. კ-ის, ა. ბ-ის, ც. ა-ის, ც. ა-ას, ვ. შ-ის, ო. ა-ის, კ. გ-ის, ნ. დ-ის, გ. ა-ის, თ. ჩ-ის, გ. ჭ-ის და მ. ო-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლები განლაგებული იყო ....... ბაღის ტერიტორიაზე, რის გამოც მათი საცხოვრებლად გადაცემა ხდებოდა იმ პირებისათვის, რომლებიც მუშაობდნენ ........... ბაღში და რომელთა საქმიანობა ითხოვდა სამსახურებრივ ადგილებში ცხოვრებას. აღნიშნული გარემოების გამო მოსარჩელეები ოჯახებით წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლებში და სარგებლობდნენ ფართით, როგორც სამსახურებრივით, რაც არ ეწინააღმდეგებოდა იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 112-117-ე მუხლებისა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 531-ე, 567-ე მუხლების მოთხოვნებს. მოგვიანებით აპელანტებმა დააყენეს სარჩელი სასამართლოში და მოითხოვეს ...... ბაღის ხელმძღვანელობის დავალდებულება მათ სარგებლობაში ასრებულ საცხოვრებელ ფართზე და სტატუსზე სათანადო დოკუმენტის გაცემა, რამდენადაც ისინი თვლიდნენ, რომ აღნიშნული ფართი არ იყო სამსახურებრივი. ამ გარემოების გამო, ......... ბაღის ხელმძღვანელობამ დადგენილი წესით შექმნა სათანადო კომისია, რომელმაც შეისწავლა საცხოვრებელი ფართის მდგომარეობის საკითხი, განიხილა იგი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, განსაზღვრა მათი სამსახურებრივი სტატუსი და ჩამონათვალი გადაუგზავნა მის ზემდგომ ორგანოს _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას, რომლის ტერიტორიაზეც იყო განლაგებული ........ ბაღი. ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ დამტკიცდა საცხოვრებელი ფართის სამსახურებრივი სტატუსი, შეიქმნა მობინადრეებზე გასაცემი სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ტიპობრივი პასპორტი და ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ......... ბაღის ხელმძღვანელობის მიერ აღნიშნული საკითხების გარკვევამდე საქმის განხილვა სასამართლოში კანონიერად იყო შეჩერებული. საცხოვრებელი სადგომისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი ასევე კანონიერად დაამტკიცა ........ ბაღის ზემდგომმა ორგანომ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, რომლის ტერიტორიაზეც იყო განლაგებული .......... ბაღი. დოკუმენტაციის სათანადოდ დამტკიცების შემდგომ იგი გადაეცა სასამართლოს, რომელმაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ დამტკიცებული შენობა-ნაგებობის სტატუსიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ კანონიერად დაავალდებულა ......... ბაღის ადმინისტრაცია, უზრუნველეყო დაკავებულ ფართზე მოსარჩელეებისათვის სათანადო დოკუმენტების გაცემა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც სააპელაციო საჩივრიდან ირკვეოდა, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში შეცვალეს მოთხოვნა და დააყენეს საკითხი ........ ბაღის შენობა-ნაგებობის ახლადმინიჭებული სტატუსის გაუქმების თაობაზე, რომ საცხოვრებელი ნაგებობების სტატუსი განსაზღვრულიყო, როგორც საუწყებო. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აღნიშნულ მოთხოვნებს, რამდენადაც .......... ბაღის ადმინისტრაციამ საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების სტატუსი განსაზღვრა კანონით დადგენილი წესით, რაც დამტკიცებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მიერ (ს.ფ. 236-242).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. კ-ემ, დ. გ-ემ, ა. ბ-ემ, ც. ა-ემ, ც. ა-ამ, ნ. დ-ემ, გ. ა-ემ, თ. ჩ-მა, გ. ჭ-ემ, მ. ო-ამ, ვ. შ-ემ, ო. ა-ემ, ნ. ჭ-ემ, გ. მ-ემ, ს. კ-ემ და კ. გ-ემ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კასატორთა მითითებით, რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე მხარემ არაერთგზის აღიარა, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომები საუწყებო საცხოვრებელ სადგომებს წარმოადგენდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის აღიარება ისეთი გარემოების არსებობის დასადასტურებლად, რომელზეც მეორე მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნებს, შეიძლებოდა საკმაო მტკიცებულებად მიჩნეულიყო და საფუძვლად დადებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, კასატორებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს ხელვაჩაურის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული საბუთი, სადაც ........ ბაღის შენობა ხსენებული იყო საუწყებო შენობად. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია, რაც, კასატორთა მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.

გარდა ამისა, კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში ისე იმსჯელა აპელანტების გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომ ამ მოთხოვნების გაზრდის ან მათ გაზრდაზე უარის თქმის შესახებ განჩინება არ გამოუტანია.

კასატორთა მოსაზრებით, .......... ბაღის ხელმძღვანელობამ არასწორად მიანიჭა სადავო საცხოვრებელ სახლებს სამსახურებრივი სადგომის სტატუსი, რადგან აღნიშნული საცხოვრებელი სახლები წარმოადგენდა საუწყებო სადგომებს. ამას ადასტურებდა საბინაო კოდექსის 112-ე მუხლი, რომლის მიხედვით სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომი განკუთვნილი იყო იმ მოქალაქეთა ჩასახლებისათვის, რომლებმაც თავიანთი შრომითი ურთიერთობის ხასიათის გამო მუშაობის ადგილზე ან მის მახლობლად უნდა იცხოვრონ. საცხოვრებელი სადგომი სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომთა რიცხვში შეიტანებოდა სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომისათვის, როგორც წესი, გამოიყოფოდა ცალკე ბინა. იგივეს ითვალისწინებდა “საქართველოს რესპუბლიკაში სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიცემისა და სარგებლობის წესის შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 12 სექტემბრის ¹601 დადგენილება. ამ დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომისათვის გამოიყოფოდა, როგორც წესი, ცალკე ბინები. არ დაიშვებოდა სამსახურებრივი ბინების მიცემა სადგომში, რომელშიც თუნდაც ერთი ბინა სამსახურებრივი არ იყო. ამ შემთხვევაში ¹1 სახლის 7 ბინა დათმობილი ჰქონდა ლაბორატორიებს, რომლებიც არ შეიძლება მიჩნეულიყო სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომად. გარდა ამისა, .......... ბაღის არც ერთი საცხოვრებელი სადგომი არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სანიტარულ-ტექნიკურ მოთხოვნებს, რაც სადავო სადგომების სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომთა რიცხვში შეტანას ასევე გამორიცხავდა.

კასატორთა განმარტებით, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის კომენტარში (შ. ჩიკვაშვილი, “საბინაო სამართალი”, 1989წ.) გარკვევით იყო მითითებული, რომ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები განეკუთვნებოდა მკაცრად მიზნობრივი დანიშნულების სადგომებს. ისინი განკუთვნილი იყო იმ მოქალაქეთა ჩასახლებისათვის, რომლებსაც თავიანთი შრომითი ურთიერთობების ხასიათის გამო სამუშაო ადგილზე ან მის მახლობლად უნდა ეცხოვრათ. შრომითი ურთიერთობების არსებობა საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, როგორც სამსახურებრივი საცხოვრებლების, ისე საუწყებო საცხოვრებლების მიცემისას, არ იძლეოდა დანიშნულებით სრულიად განსხვავებულ ამ საცხოვრებელი სადგომების გაიგივების საფუძველს. განსხვავება მათ შორის იმაში მდგომარეობდა, რომ თუ საუწყებო სახლებში საცხოვრებელი სადგომები მუშა-მოსამსახურეებს ეძლეოდათ მათი სამუშაოსაგან დამოუკიდებლად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები პირიქით, მუშაკს ეძლეოდა არამარტო იმიტომ, რომ ისინი მოცემულ საწარმოში ან ორგანიზაციაში მუშაობდნენ, არამედ იმ შრომითი მოვალეობების თავისებურებათა გამო, რომელთა შესრულებისთვისაც აუცილებელი იყო სამუშაო ადგილზე ან მის მახლობლად ცხოვრება. აქედან გამომდინარე, კასატორთა მოსაზრებით, .......... ბაღს არ სჭირდებოდა სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის სტატუსის საცხოვრებელი სადგომები, რადგან არ ჰყავდა ისეთი მუშაკები, რომლებსაც თავიანთი მოვალეობის თავისებურებათა გამო აუცილებლად სამუშაო ადგილზე უნდა ეცხოვრათ (ს.ფ. 244-250).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 6 ივნისის განჩინება, საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია საპროცესო ნორმების დარღვევებით, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა ......... ბაღისათვის საბუთის გაცემის დავალება მოსარჩელეთა სარგებლობაში გადაცემული ბინების ფართსა და სტატუსზე არსებული გეგმის მიხედვით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე განიხილა და გადაწყვიტა საქმე, რომ არ გამოურკვევია, კონკრეტულად, რა საბუთის გაცემას ითხოვდნენ მოსარჩელები, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ რომელ სანივთო ან ვალდებულებით უფლებაზე ჰქონდათ პრეტენზია მითითებულ ბინებთან დაკავშირებით.

სააპელაციო საჩივარში მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ცვლიდნენ სარჩელის მოთხოვნას და აქედან გამომდინარე, ითხოვდნენ: 1. ........ ბაღზე რიცხული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ახლადმინიჭებული სტატუსის გაუქმებას, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის მიერ და მიღებული იყო ......... ბაღის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, ოქმი ¹9, 24.09.2004წ.; 2. აღნიშნული შენობა-ნაგებობების, როგორც საუწყებო საცხოვრებელი სადგომების სტატუსის განსაზღვრას; 3. ........... ბაღის ადმინისტრაციისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელეთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების კანონით გათვალისწინებული საბუთების გაცემის დავალებას.

სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა საქმე შეცვლილი სარჩელის ფარგლებში და დატოვა უცვლელად თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში გამოტანილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად სათანადო საპროცესო ფორმით არ უმსჯელია დავის საგნის შეცვლის ან გადიდების დაშვებაზე, ასევე, მოსარჩელეთა შუამდგომლობის მიუხედავად, არ უმსჯელია საქმეში იმ სუბიექტების ჩაბმის საკითხზე, რომელთა წინააღმდეგ მიმართული იყო მოსარჩელეთა შეცვლილი მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ........ ბაღის დირექციას კანონიერად დაევალა დაკავებულ ფართზე მოსარჩელეთა სათანადო დოკუმენტებით უზრუნველყოფა, გამომდინარე მეცნიერებათა აკადემიისა და ხელვაჩაურის გამგეობის მიერ დამტკიცებული შენობა-ნაგებობის სტატუსიდან. სააპელაციო სასმართლომ არ დაადგინა, თუ კონკრეტულად რომელი იურიდიული დოკუმენტებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები და რა დაევალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 207-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმე მთავარ სხდომაზე უნდა განიხილოს და გამოიტანოს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობს საქმეს საკმაოდ მომზადებულად. საქმის მომზადება განსახილველად, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს, რომ გარკვეულია სარჩელის ძირითადი ელემენტი _ სარჩელის საგანი, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს კონკრეტული, ცხადი და ნათელი მოთხოვნის ფარგლებში. ამიტომ სარჩელის მოთხოვნის ბუნდოვანების შემთხვევაში სასამართლომ უნდა მოსთხოვოს მოსარჩელეებს მისი დაზუსტება. თუკი, მიუხედავად ამისა, მოსარჩელეები მაინც ვერ შეძლებენ მოთხოვნის ჩამოყალიბებას, სასამართლო მოკლებული იქნება შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს სარჩელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად გაურკვეველია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება საკასაციო სასამართლოს მიერ. უწინარეს ყოვლისა, გასარკვევია სარჩელის დავის საგანი. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, თუ კონკრეტულად სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ რომელ სანივთო ან ვალდებულებითსამართლებრივ უფლებაზე აქვთ პრეტენზია მოსარჩელეებს და რამდენად არსებობს ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. კ-ის, დ. გ-ის, ც. ა-ას, მ. ო-ას, ვ. შ-ის, ო. ა-ის, კ. გ-ის, ა. ბ-ე (არ გამოცხადდა), ც. ა-ის, ნ. დ-ის, გ. ა-ის, თ. ჩ-ის, გ. ჭ-ის, ნ. ჭ-ის, გ. მ-ის, ს. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 6 ივნისის განჩინება;

3. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

4. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.