საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №173I -21 თბილისი
მ-ა მ-ზ, 173I -21 5 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. მ-ას პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ მ. მ-ას შუამდგომლობის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება შეიცვალა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ იმავე კანონის შესაბამისად შემცირებული სასჯელიდან (1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა) - 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. მ-ას განესაზღვრა 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2011 წლის 23 იანვრიდან.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მ. მ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ. მ-ა, - დაბადებული 1987 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. მ-ას განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მ. მ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 26 ივნისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. მ-ამ, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), სასჯელი ¼-ით შეიძლება შეუმცირდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა.
3. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებულ მ. მ-ას წინა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენით მსჯავრდების გამო ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, კერძოდ: იმის გათვალისწინებით, რომ მ. მ-ას წინა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელის - 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდის ათვლა დაეწყო 2011 წლის 23 იანვრიდან, მას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაშაულის ჩადენის დროს (2017 წლის 26 ივნისს) ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ.
4. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ¼-ით უნდა შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 6 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი 4 წელი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი და 6 თვე უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მ. მ-ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელზე - ჯარიმა 1000 ლარზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, ამ კანონის მოქმედება ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელზე არ ვრცელდება, გარდა სასამართლოს მიერ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმისა, რომელიც აღსრულებული არ არის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ას აღნიშნული ჯარიმა შეეფარდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. მ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ მ. მ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ;
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3.1. მსჯავრდებულ მ. მ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 6 (ექვსი) წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი 4 (ოთხი) წელი და საბოლოოდ მ. მ-ას განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
3.2. მსჯავრდებულ მ. მ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 26 ივნისიდან;
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე