Facebook Twitter

საქმე # 330141221004290402

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1741-21 5 მარტი, 2021 წელი

ვ. ბ., 1741-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ვ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით ბ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შალვა ფანჩულიძის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (თამაზ სამუშიას ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (თამაზ სამუშიას ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შალვა ფანჩულიძის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ბ. ვ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2015 წლის 12 მაისიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ბ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით - სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 6 თვით.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით - საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

ბ. ვ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 13 მაისიდან.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 მარტის N001/17-0842 გადაწყვეტილების საფუძველზე ბ. ვ. გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან პირობით ვადამდე - 1 თვითა და 13 დღით ადრე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით ბ. ვ-ს მიმართ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 მარტის N001/17-0842 გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 1 თვითა და 13 დღით. ბ. ვ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.

5. 2021 წლის 21 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ბ. ვ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული ბ. ვ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შალვა ფანჩულიძის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (თამაზ სამუშიას ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც მოხდილია), ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით - საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

აღნიშნული განაჩენი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენმა. ბ. ვ-ს მიმართ ამავე განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.

ბ. ვ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.

ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. მსჯავრდებული ბ. ვ. საჩივრით ითხოვს „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე მისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირებას შემდეგი მოტივით: იგი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელისგან, რისი გათვალისწინებითაც, უნდა შეიცვალოს ბ. ვ-ს ქმედების კვალიფიკაციაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების საქმეზე და მას არართგზისობა უნდა ამოერიცხოს, რის შემდეგაც მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

3. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბ. ვ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი, მის მიმართ კანონიერად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი და იგი გათავისუფლდა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ბ. ვ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, რადგან მითითებული კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე.

4. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული ქმედებიდან არაერთგზისობის ამორიცხვის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ არაერთგზისობა მის ქმედებაში გამოკვეთილია იმიტომ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტში ბ. ვ. ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, გამოიკვლიოს განაჩენის შინაარსი და იმსჯელოს მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა/არშეცვლის საკითხზე.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი