Facebook Twitter

საქმე # 010141221004283777

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №177I -21 თბილისი

მ. ზ., 177I -21 2 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხედვით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით ზ. მ-ს, დაბადებულის 1971 წელს, - ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუსლიხ მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2016 წლის 6 სექტემბრიდან, ასევე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 5 მარტიდან 2014 წლის 19 მარტის ჩათვლით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №12 დაწესებულებიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ზ. მ-ს პირადი საქმე.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. მ-ს გაუნახევრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა იმავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე - 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რომელსაც შთანთქმული ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი, რისი მხედველობაში მიღებითაც, ზ. მ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცველელად.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. მ-მ, რომელიც ითხოვს განჩინების ნაწილობრივ შეცვლასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასთან ერთად მისთვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე - ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ზე, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე არ გათავისუფლებულა სასჯელისაგან, არამედ გაუნახევრდა შეფარდებული სასჯელი, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები არ აღუდგება.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი