Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №178I -21 თბილისი

ც-ე რ-ნ, 178I -21 4 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ც-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ რ. ც-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით რ. ც-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილებით და დაეკისრა - ჯარიმა - 1000-1000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ც-ეს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. რ. ც-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 29 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ც-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ც-ემ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე (თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის) იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ მსჯავრდებულ რ. ც-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო წესით და საქმე იმყოფება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

3. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებულ რ. ც-ის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმის მასალები გაეგზავნოს მსჯავრდებულ რ. ც-ის სისხლის სამართლის საქმის განმხილველ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად.

4. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მსჯავრდებულ რ. ც-ის საჩივარზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ რ. ც-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ;

2. საქმის მასალები გაეგზავნოს მსჯავრდებულ რ. ც-ის სისხლის სამართლის საქმის განმხილველ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე