Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№178აპ-19 ქ. თბილისი

ე. მ. ო-ი, 178აპ-19 30 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ე. მ-ნ ო-ი,– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ-ნ ო-იმ ჩაიდინა წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით ე. მ-ნ ო-ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის.

· ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, 2018 წლის 25 სექტემბერს, შუადღის საათებში, თ-ის რაიონის სოფელ ს-ის მიმდებარედ, მდინარეების – ს-სა და ა-ის შესართავთან, მდინარის კალაპოტიდან ე. მ-ნ ო-იმ უკანონოდ მოიპოვა წიაღისეული, კერძოდ, ინერტული მასალა, 0,5 მ3 მოცულობის ლამი, რითაც გარემოს მიადგა 200,5 ლარის ზიანი. უკანონოდ მოპოვებული მასალა ე. მ-ნ ო-ის განთავსებული ჰქონდა „კამაზის“ მარკის ავტომანქანაზე (სახ. №). წიაღისეულის მოპოვების დროს ე. მ-ნ ო-ი გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ე. მ-ნ ო-ისათვის სამართლანი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა მიერ უდავოდ არის მიჩნეული, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე. მ-ნ ო-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები – მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, მისი პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობის არქონა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და ა.შ. და ე. მ-ნ ო-ის განუსაზღვრა მისი ქმედების პროპორციული და საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

8. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი