Facebook Twitter

~

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №179I -21 თბილისი

ხ-ი მ-ზ, 179I -21 5 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თ-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ხ-ის პირადი საქმე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ხ-ის, - - - მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ხ-მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას; მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ მ. ხ-ის მიმართ გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ბ“ ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ: თუ მან ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ან - თაღლითობა დიდი ოდენობით (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში მ. ხ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენებით მსჯავრდებულია თაღლითობისათვის დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (ერთი განაჩენით - ოთხ ეპიზოდში, მათ შორის ერთ ეპიზოდში - მცდელობისათვის, ხოლო მეორე განაჩენით - ორ ეპიზოდში), კერძოდ: მან თაღლითობა დიდი ოდენობით (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და ორივე განაჩენით შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელები, უფრო მკაცრი ნორმებით.

3. ამდენად, მსჯავრდებულ მ. ხ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე