Facebook Twitter

საქმე # 330141221004270199

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1811-21 5 მარტი, 2021 წელი

ა–ა გ., 1811-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით გ. ა–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 5 ოქტომბრის გასაღების ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 17 ოქტომბრიდან.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ა–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2021 წლის 17 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 5 ოქტომბრის შეძენა/შენახვის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ა–ს მიმართ მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა უნდა აითვალოს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან მიმართებით (9 წლით თავისუფლების აღკვეთა), დარჩა უცვლელად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა–ამ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

8. მსჯავრდებულმა გ. ა–ამ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

9. მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 5 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაავრცელა მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ:

3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“.

4. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ა–ს, გარდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტისა (შეძენა/შენახვის ეპიზოდი) და სსკ-ის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტისა (ორი ეპიზოდი), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა (გასაღების ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (გასაღების ორი ეპიზოდი), რომელთა მიმართაც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ’’ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება, ხოლო საბოლოო სასჯელი დანიშნულია დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (გასაღების ეპიზოდისათვის) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები, შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა (შეძენა/შენახვის ეპიზოდისათვის) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელის განახევრება და ¼-ით შემცირება დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის შედეგზე ვერ აისახება.

6. „ამნისტიის შესახებ” 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვლება დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ქალი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, გ. ა–ა მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

8. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მსჯავრდებულ გ. ა–ს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ა–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე