Facebook Twitter

საქმე # 330141221004312963

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1821-21 5 მარტი, 2021 წელი

შ–ე მ., 1821-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის განაჩენით მ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მ. შ–ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მ. შ–ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით მ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ. შ–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით მ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა 2014 წლის 5 მაისის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ მ. შ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. მ. შ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 11 აპრილიდან.

4. 2021 წლის 27 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. შ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. შ–ს უარი ეთქვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე, უსაფუძვლობის გამო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. შ–მ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.

7. მსჯავრდებული მ. შ–ე საჩივრით ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებას და დანიშნული სასჯელის ¼ -ით შემცირებას.

8. მსჯავრდებულ მ. შ–ს პირადი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 5 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. შ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ „ სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას და უფრო დიდი სასჯელისგან გათავისუფლება მსჯავრდებულს ავტომატურად არ ათავისუფლებს შთანთქმული სასჯელისგანაც“ ( იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N1248აგ-13;421-21). შესაბამისად, სასამართლო „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენების საკითხს განიხილავს ზემოთ აღნიშნული თითოეული განაჩენით დადგენილი ქმედებების მიმართ.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის განაჩენით მ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

5. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.“ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.“ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მ. შ-ს სასჯელის სახით ჯარიმა დაენიშნა 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელების საფუძველი არც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის და არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ ჯარიმაზე.

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამნისტია ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე. მაგრამ, როგორც წარმოდგენილი მასალებით დგინდება, მ. შ–ს მოხდილი აქვს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელი. შესაბამისად, 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

7. სასამართლო ეთანხმება მსჯავრდებულის შენიშვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში მასზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობის არასწორად მითითების ნაწილში. კერძოდ, განჩინებაში მითითებული 5 000 ლარის ნაცვლად 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით მ. შ–ეს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით მ. შ–ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სასჯელისგან გათავისუფლებას ან/და სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. შესაბამისად, არ არსებობს არც ამ ნაწილში სასჯელის შემსუბუქების / სასჯელისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

9. სასამართლო არ მსჯელობს მსჯავრდებულ მ. შ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებაზე (ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მსჯავრდებულისათვის დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთით სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეცვლა, თუ მან სასჯელის მოხდის პარალელურად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას ეს სტატუსი შეჩერებული არ აქვს, იგი პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში), ვინაიდან წარმოდგენილი პირადი საქმის მასალებით არ დგინდეება, რომ მ. შ–ს აქვს სტუდენტის სტატუსი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. შ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე