Facebook Twitter

საქმე # 010141221004283802

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1841-21 2 მარტი, 2021 წელი

თ–ე მ., 1841-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. თ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით მ. თ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 15 აგვისტოდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. თ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. თ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მულის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 15 აგვისტოდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. თ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულმა მ. თ–ემ საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

6. მსჯავრდებულ მ. თ–ს საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 26 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაავრცელა მსჯავრდებულ მ. თ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.

3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

5. ამდენად, უფლებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ამნისტიის კანონი არ ითვალისწინებს „ნარკოტიკუილ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კნონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას ან/და ჩამორთმევის ვადის შემცირებას ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისათვის სასჯელის შემცირების პროპორციულად. “ამნისტიის შესახებ” 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი ითვალისწინებს მხოლოდ უფლების აღდგენას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამნისტიის აქტი ითვალისწინებს სასჯელისგან გათავისუფლებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N141-21; №1071-21; №1081-21)

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. თ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე