Facebook Twitter

საქმე # 330141221004279055

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1861-21 11 მარტი, 2021 წელი

ბ. გ., 1861-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 24 სექტემბრიდან.

მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 სექტემბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

5. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მაისის N02/19/შ/პ/ზ-030 გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით - 2 (ორი) წლით, 3 (სამი) თვითა და 24 (ოცდაოთხი) დღით. გ. ბ. პატიმრობიდან გათავისუფლდა 2019 წლის 30 მაისს.

7. 2021 წლის 15 იანვარს თბილისის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში გაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ბ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული გ. ბ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

9. მსჯავრდებული გ. ბ. საჩივრით ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ბ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით ნასამართლევია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და გასაღებისათვის - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია). ვინაიდან, გ. ბ-ს ქმედებაში გამოკვეთილია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი და მას სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქციით (რაც შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებს) - ერთიანი სასჯელის სახით, მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი