ას-786-840-2011 20 ივნისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. ს-ანი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. რ-კო
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უღირს მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ს-ანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. რ-კოს მიმართ უღირსს მემკვიდრედ ცნობის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: მისი ძმა და მოპასუხის დედა – ტ. რ-კო 1984 წლის 20 ნოემბერს განქორწინდნენ, ლ. ს-ანის გარდაცვალებამდე 20 წლით ადრე მის შვილს ა. რ-კოს ლ. ს-ანი უხდიდა ალიმენტს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2006 წლის 21 თებერვალს ბათილად იქნა ცნობილი გ. ს-ანის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და მოსარჩელე ა. რ-კოს აწ გარდაცვლილი ლ. ს-ანის სამკვიდროდან გამოეყო ½ ნაწილი, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ა. რ-კოს აწ გარდაცვლილი ლ. ს-ანის მიერ შედგენილი ანდერძის ბათილობაზე, რომელიც მხარის მიერ არ გასაჩივრებულა, ასევე არსებობს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2006 წლის 5 თებერვლის დადგენილება, რომლითაც შეწყდა წინასწარი გამოძიება გ. ს-ანის მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო; აღნიშნული დადგენილებაც არ გასაჩივრებულა. სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ აწ გარდაცვლილ ლ. ს-ანს ნამდვილად სურდა მთლიანად დაეტოვებინა სამკვიდრო მისი ძმისთვის – მოსარჩელისათვის, რაც გამოხატა კიდეც თავის ანდერძში. ა. რ-კო განზრახ უშლიდა ხელს მამკვიდრებელს, მამას მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა სამკვიდროში მისი წილის გაზრდას, მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება სურვილის საწინაამდეგოდ. ა. რ-კოს ხელის შეშლა, კი გამოიხატებოდა შემდეგი გარემოებით, კერძოდ: განცხადების შეტანით ქ.ბათუმის შს სამმართველოში, სადაც ის ბრალს სდებდა ლ. ს-ანის ძმას, რომელიც ასევე არის საკუთარი ძმის ანდერძისმიერი მემკვიდრე, აწ გარდაცვლილი ლ. ს-ანის დანაშთი ქონების თაღლითური გზით მითვისებაში; აღნიშნული ბრალდება არ დადასტურდა და შეწყდა საქმე; ა. რ-კოსა და ტ. რ-კოს ქმედება მიმართული იყო ანდერძისმიერი მემკვიდრის გ. ს-ანის წილობრიობის სრული ამორიცხვისაკენ, მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ აწ გარდაცვლილი ლ. ს-ანის მთელი დანაშთი ქონების მითვისება.
მოპასუხე ა. რ-კოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებები არ შეესაბამება სინამდვილეს. მის მარწმუნებელს მამის, ლ. სარხანიასათვის, სიცოცხლეში ხელი არ შეუშლია ნების გამოვლენაში იმ მიზეზის გამო, რომ მოპასუხე საქართველოში არ ცხოვრობდა. არც რაიმე ამორალური ქმედებები არ განუხორციელებია გარდაცვლილ მამის წინააღმდეგ, არც სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდგომ და არც რაიმე განზრახი დანაშაული ჩაუდენია სამკვიდრო მასაში თავისი წილის გასაზრდელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-ანმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. რ-კო არის 2004 წლის 31 მარტს გარდაცვლილი ლ. ს-ანის შვილი. გარდაცვალებამდე წლების განმავლობაში, ლეორ ს-ანსა და ა. რ-კოს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. გ. ს-ანმა, 2004 წლის 15 ოქტომბერს, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა ლ. ს-ანის დანაშთ ქონებაზე: ქ.ბათუმში, ... ქ.¹18 ბინა ¹1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე. ა. რ-კომ განცხადება შეიტანა ქ.ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოში და ბრალი დასდო აპელანტს გარდაცვლილი ლ. ს-ანის დანაშთი ქონების თაღლითური გზით მითვისებაში. აღნიშნული ბრალდება არ დადასტურდა და პროკურატურის დადგენილებით შეწყდა საქმის წარმოება. ა. რ-კო ცუდად იხსენიებდა და იხსენიებს მამის გვარს და ქონებასთან დაკავშრებით დავისას საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობია. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის ახსნა-განმარტებაში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას.
სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ ა. რ-კოს მამკვიდრებელთან ურთიერთობა არ ჰქონია წლების განმავლობაში, შესაბამისად, იგი მამკვიდრებელს უკანასკნელი ნების განხორციელებაში ხელს ვერ შეუშლიდა და ამის დამადასტურებელ ფაქტებზე არც აპელანტს მიუთითებია, შესაბამისად, მამკვიდრებელმა თავისუფლად განახორციელა უკანასკნელი ნება და შეადგინა ანდერძი, რომლითაც ქონება დაუტოვა აპელანტს.
პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მამკვიდრებლისა და მისი გვარის „ცუდად მოხსენიება“, საზოგადოდ მიუღებელი და უღირსი საქციელია, მაგრამ ეს მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2011 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-ანმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ჩადენილი უღირსი და ამორალური საქციელი, მაგრამ მას არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და დასაბუთება, თუ რატომ ვერ ამართლებდა სამართლებრივად მათი მოთხოვნა, რაც საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის თანახმად უღირს მემკვიდრედ ცნობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ს-ანს დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 2 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ს-ანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
გ. ს-ანს დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 2 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.