Facebook Twitter

საქმე # 110141221004271811

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1881-21 11 მარტი, 2021 წელი

ყ. გ., 1881-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ყ-ს საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის განაჩენით გ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით გ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

მასვე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 ნოემბრის N04/19-1719 გადაწყვეტილებით მსჯავრდებული გ. ყ. გათავისუფლდა პირობით ვადამდე 5 (ხუთი) თვითა და 8 (რვა) დღით ადრე. გ. ყ. პატიმრობიდან გათავისუფლდა 2019 წლის 29 ნოემბერს. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ვადა დაუსრულდა 2020 წლის 7 მაისს.

4. 2021 წლის 18 იანვარს თბილისის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. ყ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ყ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი:

მსჯავრდებულ გ. ყ-ს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და გამოსაცდელი ვადა - 4 წელი, გაუნახევრდა და, შესაბამისად, პირობით მსჯავრად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებული გ. ყ. საჩივრში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: “ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.

3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ყ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ, რისი გათვალისწინებითაც, მის მიმართ კანონიერად გავრცელდა კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და გაუნახევრდა შეფარდებული სასჯელი, ხოლო სხვა რაიმე შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას ამნისტიის კანონი არ ითვალისწინებს.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი