Facebook Twitter

საქმე # 330141221004286752

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1891-21 10 მარტი, 2021 წელი

წ. თ. 1891-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. წ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. თ. წ. - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. თ. წ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 18 თებერვლიდან იმავე წლის 20 თებერვლის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. თ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 აპრილიდან იმავე წლის 25 აპრილის ჩათვლით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, ხოლო სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

თ. წ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით თ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა - 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. წ-ს სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, ჯარიმა - 3000 ლარი და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 20 ივლისიდან.

4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. წ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული თ. წ. ,,ამნისტიის შესახებ’’ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისგან (რაც გავლენას ვერ მოახდენს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე).

მსჯავრდებულ თ. წ-ს ,,ამნისტიის შესახებ’’ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, თუმცა ეს შემცირებული სასჯელი გავლენას ვერ მოახდენს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, რადგან ამ სასჯელის მოუხდელი ნაწილი არ დაჯამებულა 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენთან.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და თ. წ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 3000 ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. წ-მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

7. მსჯავრდებულმა თ. წ-მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

8. მსჯავრდებულ თ. წ-ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 9 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. წ-ს მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შედეგადაც იგი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

3. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ 2021წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე თ. წ-ს უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად გავრცელდა მსჯავრდებულ თ. წ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შედეგადაც მას გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას გაანახევროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ჯარიმა - 5000 ლარი, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.

6. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე ვინაიდან არ ხდება თ. წ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლება, ამიტომ არ არსებობს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნული განაჩენით ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მოტივაციას მსჯავრდებულ თ. წ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მის მიმართ აღნიშნული კანონის გავრცელებაზე, კერძოდ:

8. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

9. ამდენად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი ქმედების ჩადენისას თ. წ. იყო ნასამართლობის მქონე, მის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეღავათი.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. წ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება და თ. წ-ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე