საქმე # 330141221004282165
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1901-21 12 მარტი, 2021 წელი
ი–ი ნ., 1901-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ი–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით ნ. ი–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - ,,სსკ-ის“) 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით;
- საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ნ. ი–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 5 მარტიდან 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზშივე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით ნ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;
ნ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 20 დეკემბრიდან;
მასვე, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლის ვადით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლის ვადით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. 2021 წლის 20 იანვარს N10 პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. ი–ს პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ი–ს მიმართ ნაწილობრივ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ:
- მსჯავრდებულ ნ. ი–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი;
- ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ. ი–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ამავე განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით - დარჩა უცვლელად.
- მსჯავრდებულ ნ. ი–ს აღნიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო -2016 წლის 20 დეკემბრიდან.
5. თბილისის საქალაქო სასმართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ი–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
6. კასატორმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: სასჯელის შემსუბუქება.
7. მსჯავრდებულ ნ. ი–ს მიმართ გამოთხოვილი პირადი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 12 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ნაწილით ან ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული, ამასთან, მისი მოქმედება ვრცელდება მოქმედ რედაქციაზე.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ი–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო - საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ( ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენება, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ჩადენისათვის, რაც სსკ-ის დღეს მოქმედი რედაქციით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილს. თუმცა, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნ. ი–ს მიმართ გავრცელების თაობაზე, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ნ. ი–ი გაათავისუფლოს სასჯელისგან ამ ნაწილში.
5. რაც შეეხება ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეღავათს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ.
6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას ნ. ი–ს - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისგან - გათავისუფლების შესახებ.
7. რაც შეეხება იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლის კონკრეტულ ნაწილზე რაიმე შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ასევე არ ითვალისწინებს, რის გამოც სასამართლო ამ შემთხვევაშიც მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, ნ. ი–ს მიმართ ამ ნაწილში გაავრცელოს რაიმე შეღავათი.
8. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი სრულად შთანთქა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება საბოლოოდ დანიშნულ სასჯელზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით - უნდა დარჩეს უცვლელი.
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად - ,,ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა)“. მოცემულ შემთხვევაში ნ. ი–ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან არ გათავისუფლებულა, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის შეღავათი და მას ვერ აღუდგება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. ი–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე