ბს-127-119(კ-06) 19 აპრილი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - გ. ილინა
კასატორი – ი. ს-ე; წარმომადგენელი – ე. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო; წამომადგენელი – ი. ტ-ე
მესამე პირი - რ. გ-ე; წარმომადგენელი – გ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 აპრილის განჩინება
დავის საგანი - აუქციონის ბათილად ცნობა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 23 დეკემბერს ი. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე _ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და მესამე პირის _ რ. გ-ის მიმართ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების არღიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2004 წლის 7 დეკემბერს ჩატარდა აუქციონი. აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს ქ. ქუთაისში, .... და ..... შესახვევის ¹11/1-ში მდებარე 3,18 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. მოსარჩელემ პრივატიზაციაში მონაწილეობის მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა განცხადება. აუქციონი დაინიშნა 2004 წლის 7 დეკემბერს, 1200 საათზე. სამმართველოში გამოცხადდა 1145 საათზე, სადაც განუცხადეს, რომ აუქციონი უკვე ჩატარებული იყო, რაზეც განაცხადა პრეტენზია და შეხვდა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსს, ხოლო მოგვიანებით მიმართა წერილობითაც.
მოსარჩელის განმარტებით, როგორც შემდგომ გაირკვა აუქციონზე გატანილი ფართი შეიძინა რ. გ-ემ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების" შესახებ კანონისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ¹1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან აუქციონი ჩატარდა დანიშნულ დროზე ადრე, რაც აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველია.
აღსანიშნავია, რომ აუქციონი ჩატარდა დროზე ადრე, მაგრამ აუქციონის ოქმში მითითებულია 12.04 საათზი. იმავე დღეს აუქციონზე გასაყიდად გატანილი იყო ავტომანქანა ,,გაზ 24-10» და როგორც აუქციონის ¹1 ოქმშია აღნიშნული, იგი გაიყიდა 12.03 საათზე. მოსარჩელის განმარტებით, შეუძლებელია 1 წუთში ორი ნივთი გაყიდული იყო კანონით დადგენილი პროცედურის დაცვის გარეშეც კი, ამასთან, ოქმს ხელს უნდა აწერდეს ქუთათელაძეც, მაგრამ აუქციონის ოქმზე მისი ხელმოწერა არ არის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიერ 2004 წლის 7 დეკემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას, 2004 წლის 7 დეკემბრის აუქციონის ¹2 ოქმისა და სადავო ფართზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. ს-ემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადავო ფართის დაყადაღების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის განჩინებით ი. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, ... და .... შესახვევის ¹11/1-ში მდებარე რ. გ-ის სახელზე რიცხულ 3.18 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს.
მოპასუხე _ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ აუქციონი სამმართველოს მიერ ჩატარდა ზუსტად გამოცხადებულ დროს და, ამდენად, იგი ვადაზე ადრე არ ჩატარებულა, რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი აუქციონზე გამოცხადდა დაგვიანებით, რაც მითითებულია აუქციონის ოქმში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ ითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მესამე პირმა _ ე. გ-ემ არ ცნო სასარჩელო განცხადება და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის G თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ინესა ს-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში ძირითადად მიუთითებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც - სასრჩელო განცხადებაში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 აპრილის განჩინებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აუქციონი დაიწყო ზუსტად 1200 საათზე და შეწყდა პირველსავე ბიჯზე, რადგანაც საწყისი ფასის განსაზღვრის შემდეგ რ. გ-ის კონკურენტ მ. ქ-ეს, რომელიც იმყოფებოდა დარბაზში და ესწრებოდა აუქციონს, მასში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო ინესა ს-ე აუქციონის ჩატარებას ვერ დაესწრო დაგვიანების გამო.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ აუქციონზე ი. ს-ე გამოცხადდა რამდენიმე წუთის დაგვიანებით დადასტურებულია მოწმეების - მ. ქ-ის, ი. ბ-ის განმარტებებით და ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ზ. მ-ის მიერ 2004 წლის 7 დეკემბერს, აუქციონის ჩატარების შემდეგ შედგენილი ოქმით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, აუქციონის ჩატარებისას არ დარღვეულა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ¹1-3/154 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც - სასარჩელო განცხადებას და ამასთან, მიუთითებდა, რომ მას, როგორც მხარეს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება არ ჩაჰბარებია, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, მითითებული კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, უწყება უნდა შეიცავდეს მთელ რიგ რეკვიზიტებს, მათ შორის - სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას. ქუთაისის საოლქო სასამართლომ კი უწყება გააგზავნა ი. ს-ას სახელით, მაშინ, როდესაც, კასატორის განმარტებით, მისი სახელია ინესა, რის გამოც უხეშად დაირღვა კანონით მინიჭებული მისი უფლება და არ მიეცა საქმის განხილვაში მონაწილეობის საშუალება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აღნიშნული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. ქუთაისის მთავრობის 2004 წლის 14 ივნისის დადგენილებით ..... შესახვევის ¹1-ში მდებარე, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი 3,18 კვ/მ არასცხოვრებელი ფართი შეტანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში.
აღნიშნული ობიექტის შეძენის მიზნით, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოში განაცხადი შეიტანეს რ. გ-ემ, კასატორმა ი. ს-ემ და მ. ქ-ემ.
აუქციონის მონაწილეებზე გაიცა ბილეთები, რომელშიც მიეთითა აუქციონის ჩატარების დრო, შესაბამისად - თვე, რიცხვი და საათი.
აუქციონი დაიწყო 1200 საათზე. სადავო ფართზე საწყისი ფასი 222,47 აშშ დოლარი გამოცხადდა 12 საათსა და 04 წუთზე, ვაჭრობა შეწყდა პირველივე ბიჯზე და გამარჯვებულად გამოცხადდა მე-3 პირი რ. გ-ე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის (კასატორის) მტკიცება იმის თაობაზე, რომ აუქციონი დაიწყო დროზე ადრე და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აუქციონზე ი. მ-ა გამოცხადდა დაგვიანებით.
კასატორი ი. ს-ე საკასაციო პრეტენზიას წარმოადგენს ორ ძირითად საფუძველზე მითითებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და მხარე სასამართლო პროცესზე მიწვეული არ იყო კანონით დადგენილი წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი პრეტენზია წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «გ" პუნქტით განსაზღვრულ კასაციის აბსოლუტურ საფუძველს, საკასაციო სასამართლოს მხრიდან, კასატორის პრეტენზიის საფუძველზე, შემოწმდა მითითებული დარღვევის არსებობის ფაქტი, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. საქმეში, ს.ფ. 57-სა და ს.ფ. 72-ზე წარმოდგენილია გზავნილი მითითებით, რომ ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობს.
კასატორი, მართალია, სადავოდ ხდის მითითებული გზავნილების სისწორეს და დამატებითი საკასაციო პრეტენზიის სახით წარმოადგენს ქ. ქუთაისის მთავრობის მართვის ტერიტორიული სამსახურის ცნობას, რომელშიც მითითებულია, რომ კასატორი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს .... ქ. ¹17-ში, მაგრამ აღნიშნული გაზიარებული ვერ იქნება, შემდეგი მოსაზრების გამო: ზემოაღნიშნული ცნობის გაქარწყლების მიზნით, მოწინააღმდეგე მხარეთა მხრიდან წარმოადგენილია ი. მ-ას მიმართვის ასლი ზემოთმითითებული ტერიტორიული ორგანოსადმი, რომელშიც ეს უკანასკნელი თავადვე ადასტურებს, რომ ცნობის გაცემის მომენტისათვის, სახლის ავარიულობის გამო, ცხოვრობს ..... ქუჩის ¹1-ში. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს «ს. ფ." ქუთაისის ფილიალის 2006 წლის 31 მარტის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ კასატორი ადრესატის უფლების გამოყენებით, საფოსტო გზავნილებს იღებს ¹10 საფოსტო განყოფილებაში, რა მიზნითაც დატოვებული აქვს საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ამავე საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი ვერ ადასტურებს საკუთარი პრეტენზიის საფუძველს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პრეტენზია უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.
საკასაციო სასამართლოს მხრიდან ასევე გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია აუქციონის ვადაზე ადრე დაწყების თაობაზე. მითითებულს საფუძველს საკასაციო სასამართლოს აძლევს საქმეში, ს.ფ. 19-ზე წარმოდგენილი ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის 2004 წლის 7 დეკემბრის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ კასატორი აუქციონზე გამოცხადდა დაგვიანებით, რაც განპირობებული იყო მისი საათის ცდომილებით. საფულისხმოა, რომ კასატორს მითითებული ოქმი კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სრულადაა გამოკვლეული და დადგენილი (მიღებულია ასევე მოწმეთა ჩვენებები), ამასთან, მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, კასატორი ვერ წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ პრეტენზიას, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, უდავოდ მიიჩნიოს ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და თვლის, რომ კასაცია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.