=
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №193I -21 თბილისი
კ-ე გ-ი, 193I -21 9 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 21 იანვარს თ-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. კ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით გ. კ-ე,– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ჩაეთვალა პირობით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 15000 ლარი და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 15000 ლარი და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. კ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მის მიმართ გავრცელებას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 5 წლით პირობითი მსჯავრის განახევრებას იმის გათვალისწინებით, რომ ნასამართლობის არმქონეა და მის საქმეში დაზარალებულად არავინაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის – დაზარალებულის თანხმობა, ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეიძლება გავრცელდეს და სასჯელი გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ბ“ ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით გ. კ-ე მსჯავრდებულია ასევე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რომლებზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.
3. ამდენად, მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი