Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №194I -21 თბილისი

ბ-ი ზ-ა, 194I -21 9 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - კ-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის პირადი საქმე.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ის, - - - მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ბ-მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თელავის რაიონულ სასამართლოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „გ“ ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ: თუ მან ჩაიდინა მითვისება ან გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ან - მითვისება ან გაფლანგვა დიდი ოდენობით (182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში ზ. ბ-ი თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ: მან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.

3. ამდენად, მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე