საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №195I -21 თბილისი
კ-ა დ-თ, 195I -21 10 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ას ადვოკატ დ. ს-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. კ-ას პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით დ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. დ. კ-ა, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 13 თებერვლიდან. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით შეიცვალა და დ. კ-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი ასევე შეიცვალა ნივთმტკიცების ნაწილში.
2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით პროკურორის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ-ას ადვოკატმა დ. ს-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დ. კ-ას მიმართ შეფარდებული სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ დ. კ-ას მიმართ გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილებით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მიღებისას მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, კერძოდ, თუ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება (276-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ან - იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (276-ე მუხლის მე-4 ნაწილი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში დ. კ-ა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილის 2019 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი სიმთვრალეში, რაც შეესაბამება 2019 წლის პირველი აპრილიდან მოქმედი რედაქციის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილს, კერძოდ: დ. კ-ამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (276-ე მუხლის მე-4 ნაწილის 2019 წლის პირველი აპრილიდან მოქმედი რედაქცია) ჩაიდინა სიმთვრალეში (276-ე მუხლის 2019 წლის პირველი აპრილიდან მოქმედი რედაქციის მე-5 ნაწილი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება).
3. ამდენად, მსჯავრდებულ დ. კ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ. კ-ას ადვოკატ დ. ს-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. კ-ას ადვოკატ დ. ს-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე