საქმე # 330141221004294404
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1971-21 12 მარტი, 2021 წელი
შ. ჰ., 1971-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჰ. შ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ჰ. შ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ჰ. შ. (ნასამართლევი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 6 თვე. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით ჰ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ჰ. შ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 002/17/შ/ზ-002 გადაწყვეტილებით ჰ. შ-ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2516 საათით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სრულად დაემატა ჯარიმა - 2.000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ ჰ. შ-ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჰ. შ-ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.
ჰ. შ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
4. 2021 წლის 21 იანვარს თბილისის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ჰ. შ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჰ. შ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ჰ. შ-ს აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მსჯავრდებულ ჰ. შ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელებთან მიმართებით არ იქნა გამოყენებული და მას საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით (გამოსაცდელი ვადა დღეის მდგომარეობით უკვე ამოწურულია) და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2516 საათით.
6. მსჯავრდებული ჰ. შ. საჩივრით ითხოვს თავისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჰ. შ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ვინაიდან, მას სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება დამოუკიდებლად მხოლოდ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიმართ. რაც შეეხება ჰ. შ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მის მიმართ ვერ გაავრცელა „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების გამოტანის მომენტისათვის ჰ. შ-ს უკვე მოხდილი ჰქონდა ამ განაჩენითა და შემდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელი. ამასთან, ჰ. შ-ს მოთხოვნა მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით სასჯელის შემსუბუქების შესახებ, არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ფარგლებში განსახილველ საკითხს.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჰ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი