Facebook Twitter

ას-825-877-2011 15 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “გ-ი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტი განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “გ-ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს – 129 902,1 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი შპს ,,გ-ის” მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს ,,გ-ს” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 99 436,16 ლარის გადახდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო, არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ შეთავაზებული პირგასამტეხლოს გაანგარიშება, კერძოდ, ვალდებულების შესრულების დარღვევის ვადა და თანხა, საიდანაც უნდა მომხდარიყო ვალდებულების ვადაგადაცილებისთვის საურავის დარიცხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

შპს “გ-მა” მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით შპს “გ-ისა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს ,,გ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულებით შპს ,,გ-მა” იკისრა სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესრულება შემდეგ ობიექტზე: ლოტი ¹1, გუგუთის საბაჟო გამშვები პუნქტი, ხოლო სამინისტრომ – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 918 838.30 ლარი, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ის დაზუსტებოდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით;

ხელშეკრულებით განისაზღვრა ანაზღაურების შემდეგი წესი: დამკვეთმა აიღო ვალდებულება, გადაუხადოს შემსრულებელს სახელშეკრულებო თანხის 20%, შესაბამისი ოდენობის საავანსო საბანკო გარანტიის და ხელშეკრულების უზრუნველყოფის 2%-იანი საბანკო გარანტიის საფუძველზე, ყოველი ფორმა ¹2-ის და ფორმა ¹3-ის წარმოდგენის შედეგ კი შესაბამისი თანხის დანარჩენი 80% შემსრულებელს გადაერიცხებოდა 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ობიექტის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებისათვის მზა მდგომარეობაში გადაცემის შემდეგ 14 თვის განმავლობაში. სამუშაოების ყოველი ეტაპის და მთელი მოცულობის შესრულების დამთავრება დადასტურდებოდა ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი საბუთით. ხოლო 7.3. პუნქტით, დამკვეთი სამუშაოს ნაწილის ან მთლიანი მოცულობის მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან 7 დღის ვადაში გაუგზავნიდა შემსრულებელს ხელმოწერილ აღნიშნულ აქტს ან დასაბუთებულ უარს სამუშაოს მიღებაზე.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ანაზღაურების გადაუხდელობის შემთხვევაში, სამუშაოს შესრულების ვადები შეიძლება გადადებულიყო შესაბამისი ვადით. ვადის გადადების სავარაუდო მიზეზს ასევე წარმოადგენდა შემკვეთის მიერ პროექტში რაიმე ცვლილების შეტანა.

ხელშეკრულებით შემსრულებლის მიერ შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო თანხის 0,1%-ის ოდენობით.

ხელშეკრულებით პირგასამტეხლო ასევე გათვალისწინებული იყო დამკვეთისათვის მის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მაგრამ აღნიშნული პირობა ამოღებულ იქნა 2008 წლის 11 ნოემბრის ¹832/5 შეთანხმებით. ამავე შეთანხმებით ხარჯთაღრიცხვიდან ამოღებულ იქნა დანართი ¹1-ით გათვალისწინებული 71 621,36 ლარის ღირებულების სამუშაოები და დაემატა დანართ ¹2-ში მითითებული 98 084,64 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 1 თებერვალი (ს.ფ. 11, 282-286 ტომი I).

2008 წლის 25 დეკემბრის შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია 2009 წლის 27 თებერვლამდე (ს.ფ. 12 ტომი I).

2009 წლის 26 თებერვლის ¹832/7 შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება შეიცვალა და განისაზღვრა 917 221,78 ლარის ოდენობით. ამასთან, შეიცვალა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები (ს.ფ. 13 ტომი I).

2009 წლის 27 თებერვალს კვლავ შევიდა ცვლილება ხელშეკრულებაში. ამჯერად ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნა დანართი ¹3-ით გათვალისწინებული სამუშაოები და დაემატა დანართი ¹4-ით გათვალისწინებული 97 293,55 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 31 მაისი. ამასთან, განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობები – საურავი ვადის გადაცილებაზე, არ ვრცელდებოდა დანართ ¹4-ში გათვალისწინებულ სამუშაოებზე. ამასთან, აღნიშნული პუნქტის მოქმედება გაგრძელდა 2009 წლის 31 მაისამდე (ს.ფ. 14 ტომი I).

2009 წლის 22 ივლისის ¹832/10 შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულებად საბოლოოდ განისაზღვრა 865 292,63 ლ. (ს.ფ. 15 ტომი I)

მიწის სამუშაოების შესრულების პერიოდში სამშენებლო მოედანზე აღმოჩნდა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სატელეფონო კაბელი, რაც ხელს უშლიდა ადმინისტრაციული შენობის საძირკვლის მშენებლობას. შემსრულებელი იძულებული გახდა შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა მოსარჩელეს წერილით, რომლითაც შემსრულებელი ითხოვდა კაბელის გადატანასთან დაკავშირებით საჭირო პროექტის გადაცემას. საპროექტო დოკუმენტაცია მოსარჩელემ მას წარუდგინა 30 დღეში.

ფინანსთა სამინისტროს პერიოდულად წარედგინებოდა შუალედური შესრულების დამადასტურებელი ფორმა ¹2 და ¹3, რის საფუძველზეც დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 100-123 ტომი I).

2009 წლის 28 ივლისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი ¹1242, რომლითაც შემსყიდველს გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ს.გ.პ. ,,გუგუთის” სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ანგარიში (ფორმა ¹2 და ¹3). სახელშეკრულებო თანხამ შეადგინა 865 292,63 ლ. (ს.ფ. 18 ტომი I).

შპს ,,გ-ი” 2006-2007 წლებში მონაწილეობდა მსოფლიო ბანკისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ სოციალური ინვესტიციების II პროექტსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ,,საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლებისათვის სახლების მშენებლობის” პროექტში, რომელთა ფარგლებში მან შეასრულა სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო (ს.ფ. 55-60 ტომი I).

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საომარი მდგომარეობა, რომელიც გაუქმდა ამავე წლის 3 სექტემბერს.

გუგუთის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა ფუნქციონირება დაიწყო 2009 წლის 5 ივნისს

პალატამ ასევე სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელის განმარტება მასზე, რომ თანხების გადარიცხვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სწორად არ გაიზიარა საქალაქო სასამართლომ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, თანხის გადახდა ფორმა ¹2-სა და ფორმა ¹3-თან იყო დაკავშირებული და უნდა განხორციელებულიყო მათი წარდგენიდან 7 დღეში. ხელშეკრულებაში მითითება მიღება-ჩაბარების აქტზე არ იყო. აღნიშნული ფორმების წარდგენის შემდეგ მხარეები აფორმებდნენ სამუშაოს მიღება-ჩაბარების შუალედურ აქტებს, სადაც მიეთითებოდა როგორც სამუშაოს ჩაბარების (შესრულების) თარიღი, ისე მისი ღირებულება. მიღება-ჩაბარების აქტები სწორედ ფორმების წარდგენიდან 7 დღის ვადაში დგებოდა, რაც, სასამართლოს განმარტებით, თავისთავად ნიშნავს, რომ აღნიშნული ვადა გათვალისწინებული იყო იმისათვის, რომ შემკვეთს შეემოწმებინა, ნამდვილად შესრულდა თუ არა ფორმა ¹2-სა და ¹3-ში მითითებული სამუშაოები და რა ღირებულების იყო ისინი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერით შემკვეთი ადასტურებდა სამუშაოების შესრულების ფაქტს, რასაც შედეგად თანხის გადარიცხვა უნდა მოჰყოლოდა. ხოლო ის, თუ როდის ეცნობებოდა აღნიშნულის შესახებ სამინისტროს შესაბამის სტრუქუტურულ ერთეულს, სასამართლოს განმარტებით, გავლენას ვერ მოახდენდა მოპასუხის უფლებაზე, დროულად მიეღო შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა ამ ხელშეკრულების კონტრაჰენტს თავად უნდა უზრუნველეყო. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვადის გადაცილებით ასრულებდა თავის ვალდებულებას;

საქმეში არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით და ანგარიშიდან ამონაწერით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა თავის ვალდებულებას. კერძოდ: მას მოპასუხისათვის ავანსის სახით უნდა გადაერიცხა ხელშეკრულების მთლიანი თანხის 20%, დარჩენილი 80% კი, გადაირიცხებოდა შესრულებული სამუშაოს კვალობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ, მართალია, თავდაპირველად გადარიცხა 20%, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნული თანხა ჩაუთვალა შესრულების სამუშაოების საერთო ღირებულებაში, ანუ თანხის გადახდა მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელა, რაც ჩაიბარა ავანსის სახით გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების სამუშაოები.

მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან სამუშაოები დაასრულა 2009 წლის 25 მაისს, სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან საქმეში წარმოდგენილი იყო ბოლო 2009 წლის 29 ივლისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა როგორც შემსყიდველი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ისე მიმწოდებელი – შპს ,,გ-ი”.

შპს ,,გ-ის” მიერ წარმოდგენილ წერილებში, მართალია, განმცხადებელი უთითებდა, რომ სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 25 მაისს, მაგრამ, სასამართლოს მოსაზრებით, ეს იყო ცალმხრივი განცხადება და მითითებული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული; მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტი ექსპლუატაციაში არ იყო შესული. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით შპს ,,გ-მა” თავად დაადასტურა, რომ სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 29 ივლისს.

შპს “გ-ის” პოზიციას ასევე ვერ ადასტურებდა ის ფაქტი, რომ პუნქტმა ფუნქციონირება დაიწყო 2009 წლის ივნისში, ვინაიდან აღნიშნული, სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგაც იყო შესაძლებელი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ მათ მიერ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ შემკვეთის მოთხოვნით შესასრულებელი სამუშაოები კვლავ შეიცვალა, ვინაიდან თითოეულ ასეთ შემთხვევაში მხარეები აფორმებდნენ დამატებით შეთანხმებას, სადაც მიეთითებოდა, თუ რომელი სამუშაოები ამოიღებოდა ხარჯთაღრიცხვიდან და რომელი ემატებოდა შესაბამისი ღირებულების მითითებით. აღნიშნული მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადასტურებული.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შესაბამისი მტკიცებულების წარუდგენლობის გამო ვერ დაადასტურა, თუ რა ვადა დასჭირდა მის მიერ სამშენებლო მოედანზე აღმოჩენილი საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სატელეფონო კაბელის გადატანას. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ნეგატიური ფაქტის დადგენა საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელდა მართებულად, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთის მხრივ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, როგორც შემკვეთმა, და მეორეს მხრივ შპს ,,გ-მა”, როგორც მენარდემ, დადეს ნარდობის ხელშეკრულება, რაც მენარდეს ავალდებულებდა გუგუთის საბაჟო გამშვები პუნქტის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესრულებას, ხოლო შემკვეთს – შესაბამისი ანაზღაურების გადახდას. ამასთან, განსაზღვრულ იქნა როგორც შესრულების ვადა, ისე მისი მიღების და ანაზღაურების წესი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417-ე, 419-ე, მე-400 მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა საურავი სახელშეკრულებო თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ობიექტის გადაცემიდან 14 თვის განმავლობაში, საბოლოო შეთანხმების თანახმად _ 2009 წლის 27 თებერვლამდე. ასევე დადგენილი იქნა, რომ სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 29 ივლისს.

მოპასუხის მოსაზრება, რომ ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2008 წლის 1 მარტიდან, როდესაც კლიმატური პირობები იძლეოდა სამუშაოების დაწყების საშუალებას, სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ვალდებულების აღებისას ხელშეკრულების თითოეულმა მხარემ გონივრულობის ფარგლებში უნდა გაითვალისწინოს ყველა ის სავარაუდო ფაქტორი, რაც ამ ვალდებულების შესრულებისას შეიძლება ახლდეს თან. როდესაც სახელშეკრულებო ვალდებულება საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობაა, ცხადია, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი სწორედ კლიმატური პირობებია. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებელო სამუშაოები 14 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, რაც თავისთავად გულისხმობდა, რომ მოპასუხე ორგანიზაციას მშენებლობის წარმოება ზამთარშიც მოუწევდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მენარდეს ვადის გადაცილებაში არ უნდა ჩათვლოდა ის დრო, როდესაც ის იძულებული იყო შეეჩერებინა მშენებლობის წარმოება სამშენებლო მოედანზე აღმოჩენილი საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სატელეფონო კაბელის გამო. მხარეებმა განმარტეს, რომ ამ კაბელის არსებობის ვარაუდი მენარდეს არ შეეძლო. ასევე შეუძლებელი იყო მშენებლობის გაგრძელება მის გადატანამდე, რასაც 30 დღე დასჭირდა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტება მასზე, რომ აღნიშული გარემოება ნამდვილად წარმოადგენდა ფორს-მაჟორს, რაც პირის ბრალეულობას გამორიცხავდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებულ იქნა შემკვეთის მხრიდან და სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია საომარი მდგომარეობის ვადით, 2009 წლის 27 თებერვლამდე. ხოლო ის, რომ ასეთმა მდგომარეობამ უფრო მეტი ხნით არ მისცა შესაძლებლობა მენარდეს ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები, საქმის მასალებით ვერ იქნა დადასტურებული.

რაც შეეხება შპს ,,გ-ის” მონაწილეობას ,,საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლებისათვის სახლების მშენებლობის” პროექტში, რომელთა ფარგლებში მან შეასრულა სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან ორივე შემთხვევაში მას ვალდებულება ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა ნაკისრი.

მოპასუხე პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად უთითებდა შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზეც. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მასზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე, 394-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება აძლევდა მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლის და/ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან კი არ ათავისუფლებდა (თუ ის უარს არ ამბობს ხელშეკრულებაზე).

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საურავის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო 2009 წლის 27 თებერვლის შეთანხმებაში მითითებული ხელშეკრულების ღირებულებიდან, ვინაიდან საბოლოოდ ასეთ ღირებულებად განისაზღვრა 865 292,63 ლარი, რაც შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს. შესაბამისად, ამ თანხას გამოაკლდა დანართ 4-ში მითითებული სამუშაოების ღირებულება, ვინაიდან ამ სამუშაოების დასრულების ვადა იყო არა 2009 წლის 27 თებერვალი, არამედ 2009 წლის 31 მაისი. შესაბამისად, თანხის ოდენობა შეადგენდა 865 292,63 – 97 293,55 =767 999,08, რომლის 0,1% არის 767,999. 2009 წლის 31 მაისამდე ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენდა 93, რასაც უნდა გამოკლებოდა კაბელის გადატანისათვის გახარჯული 30 დღე, ანუ 2009 წლის 31 მაისამდე პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგინა 48 383,9 ლარი (767, 999X63=48 383,9).

დანართ ¹4-ში გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისგან მენარდე გათავისუფლებული იყო 2009 წლის 31 მაისამდე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დღიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან _ 865 292,63 ლარიდან. ამ დღიდან სამუშაოების დასრულებამდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 51 052,26 ლარი (865 292,63/100X0,1=865,292X59=51 052,26).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, მართებულად იქნა მიჩნეული, რომ შპს ,,გ-ის” მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო სულ შეადგენდა 99 436,16 ლარს (48 383,9+51 052,26 = 99 436,16).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნულის საფუძველზე არასწორად განმარტა, რომ შპს “გ-ს” ვადის გადაცილებაში არ უნდა ჩათვლოდა ის პერიოდი, როდესაც მან იძულებით შეაჩერა მშენებლობა სამშენებლო მოედანზე აღმოჩენილი საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სატელეფონო კაბელის გამო, რომლის გატანასაც დასჭირდა 30 დღე. კასატორის აზრით ამგვარი მსჯელობა საფუძველსმოკლებულია, ვინაიდან შპს “გ-მა” ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ კაბელის არსებობით მისთვის შეუძლებელი იყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

კასატორის მოსასაზრებით, არამართებულია სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშების ნაწილშიც, ვინაიდან მის მიერ არასწორად იქნა მიჩნეული, რომ საწარმოს მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშებულიყო 2007 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილების გათვალისწინებით და არა ცვლილებამდე არსებული ღირებულებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

“სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “უ” ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.