Facebook Twitter

ას-829-881-2011 30 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს.წ.კ-ის” თავმჯდომარე ზ. მ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ მ. კ-ვა

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ თანხის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს.წ.კ-ის” თავმჯდომარე მ. ხ-შვილის მიმართ თანხის _ 62948 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 1900 ლარის გადახდის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 35150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს, ყოველთვიურად 35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც გაასაჩივრა მოპასუხემ. ამავე სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ ამხანაგობამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მითითებულ მისამართზე შეჩერებულია მშენებლობა და ამხანაგობა დროებით არ ფუნქციონირებს. ამდენად, სასამართლოს კურიერს აღნიშნულ მისამართზე სასამართლო გზავნილის ჩაბარებისათვის უფლებამოსილი პირი არ დახვდებოდა. სააპელაციო საჩივარში, ასევე მითითებულია, რომ მხარისათვის საერთოდ უცნობი იყო, აპირებდა თუ არა მ. კ-ია სარჩელის აღძვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მხრიდან მისამართზე აუცილებლად ვინმე დარჩებოდა.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის ბოლო წინადადებაზე, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს უთითებს. ნორმაში მითითებული საპატიო მიზეზი და მისი სამართლებრივი წინაპირობები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილში. კანონის მითითებული დანაწესის საფუძველზე სასამართლომ საპატიო მიზეზის არსებობა არ გაავრცელა მხოლოდ შუამდგომლობების ან განცხადებების წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზებზე, არამედ მიიჩნია, რომ საპატიო მიზეზის ასეთი განმარტება ემსახურება ამ კანონის მიზნებს და ვრცელდება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა ამგვარ შემთხვევაზე.

სასამართლოს განმარტებით, საჩივრის ავტორი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად უთითებს სარჩელისა და თანდართული მასალების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით ჩაუბარებლობაზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მესამე ნაწილიდან ირკვევა, რომ საჯარო პუბლიკაცია წარმოადგენს მხარის ინფორმირებულობის უკიდურეს ღონისძიებას. გასათვალისწინებელია, რომ ღონისძიების ამ სახეს სასამართლომ შეიძლება მიმართოს იმ შემთხვევაში, როდესაც მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას სარჩელი გაეგზავნა მინიმუმ ორჯერ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ავტორი არ უარყოფს მოსარჩელის მიერ მითითებული მისამართის სისწორეს, ასევე ცნობილია რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა 2009 წლის 22 ივნისს და 2009 წლის 16 სექტემბერს, თუმცა ვერ ჩაბარდა.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პოზიცია, რომ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო, ამხანაგობის წევრები არ იმყოფებოდნენ მისამართზე და ეს გარემოება წარმოადგენს საპატიო მიზეზს. საპროცესო ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო შებოჭილია საქმის განხილვის საპროცესო ვადებით. აღნიშნული ვადები მოიცავს საჭირო პროცედურების განხორციელებას სარჩელის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. საჯარო შეტყობინება, სწორედ ამ პრინციპს ემსახურება, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს მხარის ინფორმირების გაჭიანურება. ამდენად, სასამართლო სარჩელის გაგზავნისას ვერ იქნებოდა ორიენტირებული სამშენებლო სამუშაოების დაწყების მომენტზე.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია მოპასუხის ალტერნატიული მისამართი და ტელეფონის ნომერი.

საქმეში წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, ამხანაგობის იურიდიული მისამართის გარდა, მითითებული აქვს ამხანაგობის თავმჯდომარე მ. ხ-შვილის საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო პირის _ ი. ლ-ძის მისამართი და ტელეფონის ნომრები. აღნიშნულ მისამართებზე სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა, რის გამოც სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

სააპელაციო პალატის განჩინება და მისი წინმსწრები განჩინებები ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს.წ.კ-ის” თავმჯდომარე ზ. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად. კასატორის განმარტებით, პალატას სათანადოდ არ გამოურკვევია, არსებობდა თუ არა მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ხელშემშლელი გარემოებანი. სწორად გაეგზავნა თუ არა მხარეს სასამართლო შეტყობინება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი და დაევალებინა მოსარჩელისათვის იურიდიული ან სარეგისტრაციო მისამართის მითითება.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია, იურიდიულად ამართლებდა თუ არა მხარის მოთხოვნა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს.წ.კ-ის” თავმჯდომარე ზ. მ-ძეს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს.წ.კ-ის” თავმჯდომარე ზ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს.წ.კ-ის” თავმჯდომარე ზ. მ-ძის უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 7 ივნისს მ. კ-ვას მიერ გადახდილი 3163.50 ლარის 70% _ 2214,45 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს.წ.კ-ის” თავმჯდომარე ზ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ს.წ.კ-ის” თავმჯდომარე ზ. მ-ძეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” 2011 წლის 7 ივნისს მ. კ-ვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 2214,45 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.