Facebook Twitter

საქმე # 330141321004381672

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1991-21 12 მარტი, 2021 წელი

ქ–ე დ., 1991-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. ქ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით, დ. ქ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

დ. ქ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 27 დეკემბრიდან.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით: საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

დ. ქ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 27 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

- დ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით - შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.

დ. ქ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 27 დეკემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენსა და 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება:

- დ. ქ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებიდან (ძველი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომა შეუმცირდა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ დ. ქ–ეს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

დ. ქ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 27 დეკემბრიდან.

4. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 2 მარტის განკარგულებით დ. ქ–ე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრისა და 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. აღნიშნულის საფუძველზე დ. ქ–ე გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან - 2016 წლის 2 მარტს ( იხ. 2016 წლის 2 მარტის ცნობა).

5. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ნასამართლობის შესახებ ცნობის თანახმად: საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით დ. ქ–ე არ არის ნასამართლევი და არ იმყოფება ძიებაში. 2016 წლის 2 მარტიდან მას, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 10 წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე დ. ქ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

7. დ. ქ–ემ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა. კერძოდ, 10 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებების ვადის განახევრება და უფლებების აღდგენა იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარებით 5 წელი უკვე გასულია. კასატორი თავისი პოზიციის დასადასტურებლად უთითებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე და მიაჩნია, რომ მითითებული კანონი არ ითხოვს სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას, იმისათვის, რომ პირს აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები.

8. მსჯავრდებულ დ. ქ–ს საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 12 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენსა და 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება:

- დ. ქ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომა შეუმცირდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთამდე. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ დ. ქ–ეს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

დ. ქ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 27 დეკემბრიდან.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ,,ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“. შესაბამისად, დ. ქ–ეს უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 2 მარტის განკარგულებით დ. ქ–ე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

4. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად - ,,ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა)“.

5. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს „ნარკოტიკუილ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას ან/და ჩამორთმევის ვადის შემცირებას „ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისათვის სასჯელის შემცირების პროპორციულად. ამნისტიის შესახებ კანონი უფლებების აღდგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიის აქტით სასჯელისგან გათავისუფლებასთან (და არა სასჯელის შემცირებასთან) ერთად, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N141-21; №1071-21; №1081-21). შესაბამისად, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებული პირების მიმართ მხოლოდ სასჯელის განახევრებას (და არა სასჯელისგან გათავისუფლებას), არ არსებობს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

6. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელმოხდილ პირებზე, რომელზეც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად - ,,ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ქ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე