Facebook Twitter

საქმე # 330141221004291068

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2001-21 15 მარტი, 2021 წელი

ბ–ე ნ., 2001-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ნ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში- „საქართველოს სსკ-ის“) 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5200 (ხუთი ათას ორასი)ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 30 მარტიდან იმავე წლის 1 აპრილის ჩათვლით ნ. ბ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000(ხუთი ათასი) ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება.

2. 2021 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. ბ–ს პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ–ს მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით დადგენილი შეღავათი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის 2021 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ–მ საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულმა ნ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ–მ საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ნ. ბ–ს გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

6. მსჯავრდებულ ნ. ბ–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 15 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ნ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.

3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

4. მოცემულ შემთხვევაში ნ. ბ–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

5. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (მსჯავრდებულს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ნ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ქ–ს საჩივარი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).

6. ნ. ბ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კი ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ქ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე მ. კ-ს 2021 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე