საქმე # 330141221004277493
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2011-21 12 მარტი, 2021 წელი
ა–ი მ., 2011-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ა–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მ. ა–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 13 დეკემბრიდან. მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 1 წლის, 1 თვისა და 21 დღის ვადით. შინაპატიმრობის ვადა უნდა აითვალოს #.. პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან. მ. ა–ს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე, 17:00 საათიდან 09:00 საათამდე. მ. ა–ი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2020 წლის 22 ოქტომბერს.
4. 2021 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ა–ს პირადი საქმე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ა–ს მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება დანიშნული სასჯელის - შინაპატიმრობის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ა–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
8. მსჯავრდებულმა მ. ა–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
9. მსჯავრდებულ მ. ა–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 11 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
4. მოცემულ შემთხვევაში მ. ა–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” (არ ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (მსჯავრდებულს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მ. ა–ს საჩივარი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ა–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე