Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №202I -21 თბილისი

გ-ა ო-რ, 202I -21 10 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. გ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 18 იანვარს თბილისის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ო. გ-ას პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ო. გ-ა,– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი და 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ო. გ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. გ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მის მიმართ გავრცელებას საქართველოს სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ ო. გ-ას მიმართ გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის – დაზარალებულის თანხმობა, ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეიძლება გავრცელდეს და სასჯელი გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ბ“ ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით, „ამ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა“. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ო. გ-ა, გარდა საქართველოს სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მსჯავრდებულია ასევე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითაც (რომლებზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი) და დანაშაულთა იდეალური ერთობლიობით შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.

3. ამდენად, მსჯავრდებულ ო. გ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ო. გ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი