Facebook Twitter

¹ ბს-1271-846(კ-05) 9 ნოემბერი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: საწარმოო ტრავმის გამო ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 11 ნოემბერს შ.ბ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მიმართ სარჩელი აღძრა და საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქედის რ-ნის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში დაუსწრებელი სწავლების მეორე კურსზე სწავლის პერიოდში, 1962 წელს, მიიღო ტრავმა, რის შედეგადაც დაკარგა შრომის უნარის 60%. მას დაენიშნა ინვალიდობის პენსია. იგი 1990 წლამდე იღებდა პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობას, მას შემდეგ კი პენსია აღარ მიუღია.

მოსარჩელის განმარტებით, მან ტრავმა მიიღო შრომითი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშულის გათვალისწინებით და პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-19 პუნქტის საფუძველზე, ყოველთვიურად 29,4 ლარის დანიშვნა, ხოლო 1990 წლიდან მიუღებელი თანხის - 4733,4 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელის მოსაზრებით, იმის გამო, რომ ქედის რ-ნის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის უფლებამონაცვლეს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი წარმოადგენდა, ეს უკანასკნ. ვალდებული იყო აენაზღაურებინა აღნიშნული თანხა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით შ.ბაკურიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს მოსარჩელე შ.ბაკურიძის სასარგებლოდ 1029 ლარის ანაზღაურება და 2005წ. 1 თებერვლიდან ყოვეთვიურად 29,4 ლარის გადახდა დაეკისრა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები და არ დაასაბუთა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დააკისრა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს შ.ბ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა.

ამასთან, აპელანტი აღნიშნავდა, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლი, რომლის თანახმად, ზიანი, რომელიც მუშაკს მიადგა, შრომითი მოვალეობის შესრულებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, ვინაიდან შ.ბ-ეს რაიმე ძალის ზემოქმედებისგან არ მიუღია დასახიჩრება.

აპელანტი აღნიშნავდა, რომ ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი არ წარმოადგენდა ქედის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამართალმემკვიდრეს. პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მეხუთე თავის 42-ე პუნქტის საფუძველზე, ზიანის ანაზღურება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკისრებოდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზიანი, რომელიც შ.ბ-ეს მიადგა შრომითი მოვალეობის შესრულებასთან არ იყო დაკავშირებული. მან ზიანი მიიღო წაქცევით, რაც შემთხვევასთან იყო დაკავშირებული და არა რაიმე ძალის ზემოქმედებასთან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ქედის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამართალმემკვიდრეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან იგი შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე და მის მიერვე იქნა ლიკვიდირებული. ტექნიკუმის ქონების ნაწილი გადაეცა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმს, ხოლო სხვა უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები ამ უკანასკნელისთვის არ გადაცემულა. ამასთან, 1991 წლიდან ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი გაუქმდა და მის ბაზაზე ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი შეიქმნა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება შ.ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ქედის რ-ნის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენდა. საქმეში არსებული ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის 2002წ. 26 იანვრის ¹18 ცნობით დასტურდებოდა, რომ ქედის რ-ნის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, შემდეგ კი _ ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლი. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი შესაბამის პენსიას 1990 წლამდე ღებულობდა.

კასატორის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო თავისი ინიციატივით ჩაება საქმეში მესამე პირად სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერკვია მართლა ღებულობდა თუ არა იგი 1990 წლამდე პენსიას.

სამოტივაციო ნაწილი:

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ შ.ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით არ არის დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ წამოყენებულია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლის მოტივები საკმარის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისათვის, კერძოდ:

პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომის მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-3 მუხლის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ამ უკანასკნელსს ბრალის არსებობისას. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, მართლაც იღებდა თუ არა კასატორი შესაბამის პენსიას 1962 წლიდან 1990 წლამდე. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია, ამ ხნის მანძილზე რის საფუძველზე აღიარებდა ქედის რ-ნის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი კასატორის მიმართ ვალდებულების არსებობას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი, წარმოადგენდა თუ არა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ქედის რ-ნის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის სამართალმემკვიდრეს. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ აუცილებელია გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, გამოიყენოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, კერძოდ, გამოიკვლიოს რა სახის დახმარებას იღებდა მოსარჩელე, რეალურად იყო თუ არა დანიშნული სარჩო, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის უფლება საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, ეს უფლება ფაქტობრივი სასამართლოს კომპეტენციაა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული გარემოებები საჭიროებს დამატებით სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას, რადგან სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევასა და შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას, რათა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.