=
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №203I -21 თბილისი
ქ-ა ა-ი, 203I -21 11 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ქ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თ-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ქ-ას პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ა. ქ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ა. ქ-ა, - - ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. ა. ქ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 13 მაისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-ას თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 1 წლით, 6 თვითა და 21 დღით შინაპატიმრობით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ქ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდილი სასჯელი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შინაპატიმრობით შეცვლილი სასჯელი. საბოლოოდ ა. ქ-ას განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა (რაც მოხდილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში) და 1 წლითა და 2 თვით შინაპატიმრობა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 22 ოქტომბრიდან.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ქ-ამ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, სასჯელის ვადის ათვლის სისწორის განსაზღვრასა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა) აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ ა. ქ-ას მიმართ გავრცელების შესახებ, ვინაიდან ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), სასჯელი ¼-ით შეიძლება შეუმცირდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა.
3. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ქ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ¼-ით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც 2020 წლის 22 ოქტომბრიდან შეცვლილი აქვს 1 წლით, 6 თვითა და 21 დღით შინაპატიმრობით) და უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს 2017 წლის 13 მაისიდან.
4. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ა. ქ-ას აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული 1 წლით, 6 თვითა და 21 დღით შინაპატიმრობისგან.
5. რაც შეეხება ა. ქ-ას მოთხოვნას მისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია ამავე კანონის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა) აღდგენის წესი, კერძოდ, თუ ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონი გავრცელდა და იგი გათავისუფლდა სასჯელისაგან, მას სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები უნდა აღუდგეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით - იმავე წესით, რომლითაც გავრცელდა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონი და გათავისუფლდა სასჯელისაგან.
6. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ეხება მხოლოდ იმ პირს, რომელიც ამ კანონის შესაბამისად, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლდა და არა მას, რომელსაც ამავე კანონის საფუძველზე შეუმცირდა სასჯელი.
7. მოცემულ შემთხვევაში ა. ქ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და ვინაიდან იგი სასჯელისაგან სრულად არ გათავისუფლებულა, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტიც ვერ გავრცელდება და, შესაბამისად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები ვერ აღუდგება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ქ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ქ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2.1. მსჯავრდებულ ა. ქ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც 2020 წლის 22 ოქტომბრიდან შეცვლილი აქვს 1 (ერთი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 21 (ოცდაერთი) დღით შინაპატიმრობით) და განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 13 მაისიდან;
2.2. მსჯავრდებულ ა. ქ-ას აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, რის გამოც გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული 1 (ერთი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 21 (ოცდაერთი) დღით შინაპატიმრობისგან;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე