საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №205I -21 თბილისი
დ-ე თ-ზ, 205I -21 12 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. დ-ის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ თ. დ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით თ. დ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის განაჩენით თ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 30 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 29 სექტემბრიდან იმავე წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. თ. დ-ეს ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით თ. დ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
2.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თ. დ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 41-44-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 500 ლარი და საბოლოოდ თ. დ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა - 500 ლარი. თ. დ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 აპრილიდან იმავე წლის 21 აპრილის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. დ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. დ-ემ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და სასჯელის განახევრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ თ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აპრილის განაჩენით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას თ. დ-ე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ თ. დ-ის მოთხოვნას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აპრილის განაჩენით მსჯავრდებისას იგი ნასამართლობის არმქონე იყო, ვინაიდან ამ განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 500 ლარი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - ჯარიმა 500 ლარის - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აპრილის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მთლიანად დამატება არ ნიშნავს წინა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ თ. დ-ისათვის ნასამართლობის მოხსნას.
4. ამდენად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აპრილის განაჩენით მსჯავრდებისას თ. დ-ე ითვლებოდა ნასამართლევად, რის გამოც მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე