Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №207I -21 თბილისი

ტ-ი ვ-რ, 207I -21 12 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ტ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ტ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით ვ. ტ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 14 ოქტომბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2.2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ტ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ტ-მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და სასჯელის ¼-ით შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ვ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), სასჯელი ¼-ით შეიძლება შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განაჩენი) დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ვ. ტ-ი წინა განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

3. ამდენად, მსჯავრდებულ ვ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ. ტ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე