საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №209I -21 თბილისი
ე-ი ს-ლ, 209I -21 12 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ე-ის საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ს. ე-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით ს. ე-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 6 თვე - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ს. ე-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 16 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 3 აგვისტოდან იმავე წლის 5 აგვისტომდე.
2.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ს. ე-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლითა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ერთი ეპიზოდი) - 2 წლით, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 3 წელი და 6 თვე. ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ე-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 14 მარტიდან.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ე-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ე-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ე-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ს. ე-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით აღნიშნავს, რომ ეს კანონი ს. ე-ის მიმართ ვერ გავრცელდება, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ორ ეპიზოდში) და 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულების, ასევე, ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომლებზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება.
3. რაც შეეხება ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით ს. ე-ის მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეიძლება გავრცელდეს და სასჯელი გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ა“ ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ, თუ მან ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ან - ქურდობა დიდი ოდენობით (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით ს. ე-ი მსჯავრდებულია ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, კერძოდ: მან ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ჩაიდინა ბინაში უკანონო შეღწევით (177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.
4. გარდა ამისა, მსჯავრდებულ ს. ე-ის მიერ დამატებით წარმოდგენილ განცხადებასთან მიმართებით, რომ იგი არის სოციალურად დაუცველი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი, ქრონიკული ტუბერკულოზით დაავადებული, ჰყავს მძიმე ავადმყოფი მშობლები და მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც სჭირდებათ მისი დახმარება, სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მძიმე ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ფარგლებში განსახილველ საკითხს.
5. ამდენად, მსჯავრდებულ ს. ე-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ს. ე-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ე-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე