საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№209აპ-19 ქ. თბილისი
ტ-ი ი, 209აპ-19 16 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი.ტ-მა ჩაიდინა: ძალადობა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2. ი.ტ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ბ-ში, ე. თ-ის ქ. №-, ბინა №-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი.ტ-მა სახის არეში ხელის დარტყმებითა და თმის მოქაჩვით ს.ა-ას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
· 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ბ-ში, ე. თ-ის ქ. №-, ბინა №-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი.ტ-ი მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის – დანის დემონსტრირებითა და მოღერებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს.ა-ას, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ბ-ში, ე. თ-ის ქ. №-, ბინა №-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი.ტ-მა სახის არეში ხელის დარტყმებით, მარჯვენა მხრის არეში მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის – დანის გამოყენებით კ. ზ-ას, პირს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ი.ტ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (კ. ზ-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ი.ტ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (კ. ზ-ასა და ს.ა-ას ეპიზოდები), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და ი.ტ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2018 წლის 28 აგვისტოდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი რამიშვილმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი.ტ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (კ. ზ-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირებას და ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან უტყუარად დადასტურებულია, რომ ი.ტ-ი და კ. ზ-ა 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნამდვილად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ამასთან, მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა იარაღის გამოყენებით, რაც, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მიხედვით, დამამძიმებელი გარემოებაა.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული ი.ტ-ი და დაზარალებული კ. ზ-ა წარსულში ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება აღნიშნული გარემოება.
8. სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი.ტ-ისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი