საქმე # 010141221004354006
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №212I -21 თბილისი
მ. ნ., 212I -21 9 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქმის მასალების მიხედვით: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენით ნ. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 3 წელი, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 3 წელი, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ნ. მ-ს სასჯელი აეთვალა - 2019 წლის 21 ოქტომბრიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 27 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2500 ლარი.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განაჩენით ნ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა - 9 წლითა და 6 თვით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 10 წლითა და 6 თვით, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ნ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 ნოემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის დადგენილებით ნ. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 23 წლითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 აპრილიდან. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: ნ. მ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 აგვისტოს განკარგულებით ნ. მ. გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ოქტომბრის წერილის თანახმად, ნ. მ-ს მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით შეფარდებული ჯარიმა - 2500 ლარი და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განაჩენით შფარდებული ჯარიმა - 5000 ლარი - არ არის გადახდილი და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
8. 2021 წლის 9 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №16 დაწესებულებიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. მ-ს პირადი საქმე.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. მ-მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენის გამოტანის დროს მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია 2007 წელს, ნასამართლობა გაქარწყლებული უნდა ჰქონოდა; კასატორი მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე უნდა მოეხსნას 2012 წლამდე (მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლისათვის) შეფარდებული ჯარიმები და განესაზღვროს ნასამართლობის არმქონის სტატუსი, რისი მხედველობაში მიღებითაც, ერთი მხრივ, იგი რჩება მხოლოდ ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევ პირად და, შესაბამისად, უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი, ხოლო, მეორე მხრივ, თუ მას მოეხსნება ყველა წარსული ნასამართლობა, მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისგანაც ამნისტიით უპირობიდ თავისუფლდება სისხლისსმართლბრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად - ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს: მართალია, ნ. მ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული), მაგრამ ამ დანაშაულის ჩადენისას იგი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით იყო ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა და, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.
4. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად უნდა გათავისუფლდეს იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე), უნდა გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 2500 ლარი ჯარიმისა - და ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 5000 ლარი ჯარიმის - მოხდისაგან, რომლებიც, საქმის მასალების თანახმად, არ არის აღსრულებული.
5. კასატორის მოთხოვნასთან მიმართებით, რომ, თითქოსდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრისა და 2009 წლის 17 მარტის განაჩენებით შეფარდებული ჯარიმების მოხდისაგან გათავისუფლების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია, ახალი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭოს ნ. მ-ს მიერ ჩადენილ ქმედებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულის ქმედებისათვის ახალი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება სცდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებისას სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს და, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ნ. მ. გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 2500 ლარი ჯარიმისა - და ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 5000 ლარი ჯარიმის - მოხდისაგან;
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი