გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1272-847(კ-05) 7 მარტი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების გაუქმება და სადავო ფართზე მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 30 სექტემბერს რ. ქ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების «.. ..» და ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის 2000წ. ¹203 დადგენილებისა და 2004წ. 1 იანვარს დადებული ¹165 ხელშეკრულების გაუქმება და ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების დავალდებულება, რათა სადავო ფართზე, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მომხდარიყო მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელე რ. ქ-ე მიუთითებდა, რომ 1986 წლიდან მუშაობს რუსთავის ჯარების ამიერკავკასიის დაჯგუფების ქ. ბათუმის საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილებაში ...ად. 1990წ. 5 თებერვალს, სადავო ბინაზე ¹8 მის სახელზე გაიცა ორდერი, რომლის ფართი შეადგენს 20 კვ.მ. მიუხედავად აღნიშნულისა, სადავო საცხოვრებელ ფართში განთავსებულია საზოგადოება «.. ..», რის გამოც ვერ ახერხებს საცხოვრებელი ფართის რეგისტრაციას საკუთრების უფლებით.
2005წ. 1 თებერვალს «.. ..» შეგებებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს რ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებთან ერთად სადავო ფართიდან გამოსახლება.
საზოგადოება «.. ..» მიუთითებდნენ, რომ რ. ქ-ეს დაკავებული აქვს სადავო ფართის ნაწილი, რომელიც ქ. ბათუმის მერიასთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით გადაეცათ მათ დროებითი სარგებლობისათვის, რის გამოც ითხოვენ რ. ქ-ის ამ სადავო ფართიდან ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ქ. ბათუმის მერიას და საზოგადოება «.. ..» შორის 2004წ. 1 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულება და იჯარის ობიექტად დატოვებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში არსებული 89 კვ.მ.
ქ. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს დაევალათ რ. ქ-ისათვის დაეკანონებინათ საკუთრების უფლებით ქ. ბათუმში, ... ქ. E¹8-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ნაწილი _ 28,7 კვ.მ. ერთი ოთახი, ხოლო სველი წერტილები მხარეებს დაურჩათ საერთო სარგებლობაში. საზოგადოება «.. ..» შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და საზოგადოება «.. ..», რომლებიც მოითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
საზოგადოება «.. ..» სააპელაციო საჩივარი მოსარჩელეზე სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმის მერიისა და საზოგადოება «.. ..» შეგებებული სარჩელის და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები მოსარჩელის სადავო ფართიდან გამოსახლების ნაწილში დაკმაყოფილდა; რ. ქ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ქ. ბათუმის მერიას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1990წ. 5 თებერვალს რუსეთის ჯარების ამიერკავკასიის დაჯგუფების ქ. ბათუმის საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების მიერ რ. ქ-ის სახელზე გაცემულ იქნა ორდერი, სადავო საცხოვრებელ ბინაზე მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში, მაგრამ სადავო ფართი ჯერ კიდევ 1989წ. 14 ივნისის ¹355 გადაწყვეტილებით გაცემული იყო მაშინდელი ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ როდესაც რ. ქ-ზე მოხდა ორდერის გაცემა, სადავო ფართის მესაკუთრეს ამიერკავკასიის დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილება აღარ წარმოადგენდა და იგი ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ბალანსზე ირიცხებოდა, ხოლო სადავო ფართზე ორდერის გაცემა მის უფლებებში შედიოდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ. როცა რ. ქ-ს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში 20 კვ.მ. ფართზე მიეცა ორდერი 1990წ.ათვის, მას ამ დროიდან წარმოეშვა ზემოაღნიშნულ ფართზე მოთხოვნის უფლება. აქვე პალატა მიუთითებდა, რომ რ. ქ-ე მითითებულ ფართში ფიზიკურად არ შესახლებულა, რაც მისი მტკიცებით გამოწვეული იყო ქ. ბათუმის მერიის ბრალით.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებდა, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამ კოდექსის ნორმები გმოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებებზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რ. ქ-ს სადავო საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1990 წლიდან, აქედან გამომდინარე, სასამართლოში მიმართვის ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისას პალატის აზრით, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ადრე მოქმედი საქართველოს სსრ სამოქლაქო სამართლის კოდექსი, რომლის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა და იმ პირის სარჩელზე, რომლის უფლებაც დარღვეულია განისაზღვრება სამი წლით.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო გამოიყენებს მოქმედი სკ-ის 129-ე მუხლის მოთხოვნას, რომლითაც ხანდაზმულობის ვადა გათვალისწინებულია 10 წელი, ამ შემთხვევაშიც მოსარჩელის მიერ დარღვეულია სასამართლოში მიმართვის ვადა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ქ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენიათ არსებითი მნიშვნელობის მქონე ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საცხოვრებელი სახლის სამხედრო უწყებიდან ბათუმის აღმასკომის ბალანსზე გადაცემის ზუსტი დროის დადგენა. შესაბამისად, დღესაც დაუდგენელია სადავო სახლის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის ზუსტი თარიღი.
სადავო სახლის აღმასკომის ბალანსზე გადაცემა მოხდა რ. ქ-ზე ორდერის გაცემის შემდგომ პერიოდში, რაზედაც კომისიური წესით შედგენილი იქნა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის პირველი პირი ინახება ქ. ბათუმის მერიაში, ხოლო მეორე პირი მათ მიერ 2000წ. 25 ივნისს გადაგზავნილ იქნა ზემდგომ ორგანოში, სადაც 5 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ განადგურდა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მხარეებს აგრეთვე არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლოს გამოუთხოვია 1989-1990 წლებში ბათუმის აღმასკომის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებისა და შენობა-ნაგებობების აღრიცხვის ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ბალანსები, რომელთა საფუძველზე უდავოდ დადგინდებოდა კონკრეტული Gთარიღი, თუ როდის მოხდა ხსენებული საცხოვრებელი სახლის სამხედრო უწყებიდან აღმასკომზე გადაცემა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უხეშად იქნა დარღვეული საპროცესო სკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 249-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქმეში არსებობს ბათუმის მერიის საბინაო საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსის 2005წ. 23 თებერვლის წერილი ¹25, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ 2000-2004 წლებში მას და მის ოჯახის წევრებს 6-ჯერ აქვთ მიმართული ბათუმის მერიაზე სადავო ბინასთან დავალიანებასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება წინა წლებში შეტანილი ანალოგიური შინაარსის განცხადებებს, ხანდაზმულობის გასვლის გამო ისინი განადგურებულია.
კასატორის აზრით, პლატამ არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მისთვის ხელისუფლებას ხელი რომ არ შეეშალა და საშუალება მიეცა იგი შესახლდებოდა ორდერით მასზე გაპიროვნებულ ბინაში და არა ამ ბინის სარდაფში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საპროცესო სკ-ის დებულებანი.
აღნიშნული მუხლისა და სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1990წ. 5 თებერვალს რუსეთის ჯარების ამიერკავკასიის დაჯგუფების ქ. ბათუმის საბინაო საექსპლუატაციო განყოფილების მიერ კასატორ რ. ქ-ზე გაიცა ორდერი ბინაზე‚ მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში. რ. ქ-ე მითითებულ ფართში ფიზიკურად არ შესახლებულა და იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეკავებინა იმავე სახლში მდებარე ამჟამად მის სახელზე პრივატიზებული სარდაფი, სადაც ცხოვრობს 1990 წლიდან.
სააპელაციო სასამართლოს მხრიდან რ. ქ-ის მოთხოვნაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად იქცა სარჩელის ხანდაზმულობა. იმის გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულობის ვადის უშედეგოდ გაშვება აქარწყლებს პირის მატერიალურ-სამართლებრივ უფლებებს, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს გადაწყვეტილების შემოწმებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად მართებულია მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე.
მითითებული გარემოებების შემოწმება-შეფასების საფუძველზე, საკასაციო სამართალი თვლის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სამართლის მიერ ადგილი არა აქვს კანონის არასწორი გამოყენებასა თუ მის მცდარ განმარტებას.
კერძოდ, დადგენილია და აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორიც, რომ ბინის ორდერის მიღების შემდეგ ის სადავო ბინაში ვერ შესახლდა და 1990 წლიდან ცხოვრობს სარდაფში.
ამდენად მართალია, საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე, კასატორს სადავო ბინაზე წარმოეშვა ფლობისა და სარგებლობის უფლება, მაგრამ მას ამ უფლებით არ უსარგებლია და არც სასამართლო წესით მოუთხოვია აღნიშნული უფლების რეალიზება.
კასატორმა სადაო ბინაზე საკუთარი უფლებების დადასტურება მოითხოვა მხოლოდ 2004წ. 30 სექტემბერს. ე.ი. ორდერის გაცემიდან 13 წლის შემდეგ, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მართებულად მიიჩნიოს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და ადასტურებს, რომ კასატორის მიერ გაშვებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით განსაზღვრული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. რაც მას, როგორც მოსარჩელეს, ართმევს მისი უფლებების დაცვის შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოსათვის ხანდაზმულობის ვადის გაშვებით მიმართვა განპირობებული იყო იმ დროისათვის ბათუმში არსებული პოლიტიკური რეჟიმით. გარდა იმისა, რომ მითითებული არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა თუU შეწყვეტის კანონით დადგენილ საფუძველს, იმავდროულად საკასაციო სასამართლო ყურადღებს მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული საფუძველი კასატორისათვის არ ქცეულა 2000-2001 წლებში ბათუმის მერიისათვის მიმართვის დამაბრკოლებელ გარემოებად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავა არსებითად სწორადაა გადაწყვეტილი და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საპროცესო სკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.