Facebook Twitter

საქმე # 330141221004288497

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2141-21 17 მარტი, 2021 წელი

ხ–ი ე., 2141-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ხ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით ე. ხ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდეგში - „სსკ-ის“) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

მსჯავრდებულ ე. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 იანვრიდან.

ე. ხ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლის ვადით.

2. 2021 წლის 20 იანვარს N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ე. ხ–ს პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით:

- მსჯავრდებულ ე. ხ–ს მიმართ გავრცელდა,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენში.

- 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ე. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

- ე. ხ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 18 იანვრიდან.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ხ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულმა ე. ხ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: სასჯელის განახევრება, ნაცვლად ¼-ით შემცირებისა.

6. მსჯავრდებულ ე. ხ–ს მიმართ გამოთხოვილი პირადი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 17 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

3. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“.

4. ე. ხ–ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი, რის გამოც მის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული შეღავათი - სასჯელის შემსუბუქება 1/4-ით. ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021წლის 11იანვრის კანონი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებული პირების მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას ითვალისწინებს მხოლოდ ¼-ით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად,

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. ხ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე