საქმე # 010141221004269222
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2151-21 12 მარტი, 2021 წელი
ნ–ე რ., 2151-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ნ–ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განაჩენით რ. ნ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან.
2. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მსჯავრდებულ რ. ნ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული მსჯავრი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ასევე ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული რ. ნ–ე ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 13 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. რ. ნ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა შესაბამისი სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით რ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 50000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. რ. ნ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 23 ოქტომბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა შესაბამისი უფლებები.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ რ. ნ–ეს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 1 წლის, 6 თვისა და 15 დღის ვადით. შინაპატიმრობის ვადა უნდა აითვალოს #.. პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან. რ. ნ–ეს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე 21 საათიდან 08:00 საათამდე. იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2020 წლის 8 აპრილს.
7. 2021 წლის 17 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ რ. ნ–ის პირადი საქმე.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ნ–ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით (თავისუფლების აღკვეთა შეცვლილი შინაპატიმრობით) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, საიდანაც 1 წლის, 6 თვისა და 15 დღის ვადით განესაზღვრა შინაპატიმრობა, ხოლო 4 წელი პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, კერძოდ: რ. ნ–ეს შინაპატიმრობის ვადად განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა; რ. ნ–ეს პირობითად ჩაეთვალა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის გამოსაცდელ ვადად განისაზღვრა 3 წელი. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ნ–ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
10. მსჯავრდებულმა რ. ნ–ემ საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. ვინაიდან საქმის მასალების თანახმად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივლისის განაჩენით რ. ნ–ე ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით, შესაბამისად, მას ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც 2020 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შეცვლილი აქვს 1 წლით, 6 თვითა და 15 დღით შინაპატიმრობით), რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს, საიდანაც 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით. რ. ნ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 23 ოქტომბრიდან.
4. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ რ. ნ–ეს აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული 1 წლით, 6 თვითა და 15 დღით შინაპატიმრობისგან. საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. ნ–ეს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.
6. საქმის მასალების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ნ–ეს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 50000 ლარი, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
7. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).“
8. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლი ამომწურავად ადგენს სასჯელის სახეებს და მათ არ მიეკუთვნებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევას. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს სპეციალური ნორმატიული აქტი, რომელსაც ეხება „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი.
9. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას ან/და უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებას ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისათვის სასჯელის შემცირების პროპორციულად. ამნისტიის შესახებ კანონი ითვალისწინებს მხოლოდ უფლების აღდგენას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამნისტიის აქტი ითვალისწინებს სასჯელისგან გათავისუფლებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება 141-21).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ნ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რ. ნ–ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც 2020 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შეცვლილი აქვს 1 წლით, 6 თვითა და 15 დღით შინაპატიმრობით), რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს, საიდანაც 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
4. მსჯავრდებულ რ. ნ–ეს აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, რის გამოც გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული 1 წლით, 6 თვითა და 15 დღით შინაპატიმრობისგან.
5. საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. ნ–ეს მოსახდელად განესაზრვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე