საქმე # 330141221004287759
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2161-21 15 მარტი, 2021 წელი
შ. გ., 2161-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 11 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა -2 (ორი) წლით;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 21 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით -თავისუფლების აღკვეთა -3 (სამი) წლით;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 29 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. შ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ. შ-ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გ. შ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ გ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 4 (ოთხი) წელი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 (თერთმეტი) თვითა და 10 (ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა და 4 (ოთხი) წელი - პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ გ. შ-ს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 (ხუთი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 10 (ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 10 (ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, გ. შ-ს განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით გ. შ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
მსჯავრდებულ გ. შ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 26 სექტემბრიდან.
5. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. შ-ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. შ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
7. მსჯავრდებული გ. შ. საჩივრით ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. ქურდობის ბრალდების ეპიზოდებში გ. შ. არცერთი განაჩენით მსჯავრდებული არ არის მხოლოდ - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რის გამოც ამ ნაწილში მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდა შეღავათი, ხოლო სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი; რაც შეეხება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელს, ვერც ამ მუხლით დანიშნულ სასჯელზე ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონი, კერძოდ:
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, გ. შ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) - სისხლის სამართლის კოდექსის 2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით, რაც შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი