Facebook Twitter

ას-503-477-2011 27 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ლ. დ-ის” _ დირექტორი ვ. პ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. შ-ვი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. შ-ვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ლ. პ. დ-ის” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ა. შ-ვის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით შპს “ლ. დ-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ლ. დ-მა”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ვ. პ-შვილს დაევალა წარმოედგინა შპს “ლ. დ-ის” სახელით კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმანტი. ვ. პ-შვილს მიეცა 3 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2011 წლის 15 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ლ. დ-ის” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით ვ. პ-შვილს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, დაევალა წარმოედგინა შპს “ლ. დ-ის” სახელით კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული განჩინება ვ. პ-შვილის ნათესავ ა. პ-შვილს კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა 2011 წლის 15 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 16 ივნისიდან და ამოიწურა ამავე წლის 20 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ლ. დ-ის” დირექტორის ვ. პ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ლ. დ-ის” დირექტორის ვ. პ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.