Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№217აპ-19 ქ. თბილისი

კ-ე გ-ა, 217აპ-19 31 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. კ-ეს, –ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა გ. კ-ემ ქ. ზ-დან სოფელ შ-ის მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილებისა და ნათესავის თანდასწრებით, თავის მეუღლეს – ლ. ქ-ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. ლ. ქ-ემ ჩადენილი ძალადობის შესახებ ტელეფონით შეატყობინა მამას – გ. ქ-ეს, რის გამოც გ. კ-ემ ზ-ის რაიონის სოფელ შ-ში, საცხოვრებელ სახლთან, ლ. ქ-ეს ხელიდან გამოგლიჯა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ძირს დააგდო და განზრახ დააზიანა. ამასთან, გ. კ-ემ საცხოვრებელ სახლში შესვლის შემდეგ არასრულწლოვანი შვილის – ნ. კ-ის თანდასწრებით ლ. ქ-ეს სახეში დაარტყა ხელი, რომელიც კედელზე თავის მირტყმის შედეგად ძირს დაეცა და გონება დაკარგა. ასევე, საძინებელ ოთახში გ. კ-ემ სკამი ჩაარტყა თავში ლ. ქ-ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

· 2017 წლის 2 იანვარს, დაბა შ-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამმა გ. კ-ემ მეუღლის მამას – გ. ქ-ეს მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, 2017 წლის 2 იანვრიდან იმავე წლის 13 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40 საათით.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ:

· 2017 წლის 2 იანვარს, ზ-დან დაბა შ-ის მიმართულებით მოძრაობისას და დაბა შ-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ გ. კ-ეს ლ. ქ-ეზე, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, არ უძალადია.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.

7. მსჯავრდებული გ. კ-ე შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. დაზარალებულმა ლ. ქ-ემ (ბრალდებულის მეუღლემ) და მოწმეებმა – მ. კ-ემ, მ. კ-ემ, ნ. კ-ემ და ზ. კ-ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ბრალდებულმა ასევე უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 5 იანვრის №- დასკვნით, „ლ. ქ-ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ მტკიცებულებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით და უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.

11. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N548 გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37). ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იქვე, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

12. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები – მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ მას აღარ ჰქონია კონფლიქტი კანონთან, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არა აქვს და გ. კ-ეს განუსაზღვრა მისი ქმედების პროპორციული და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი და რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი