საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№220აპ-19 ქ. თბილისი
წ-ე გ-ი, 220აპ-19 25 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. წ-ეს, –ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის ივლისისა და იმავე წლის 10 აგვისტოს ეპიზოდები).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2004 წლის იანვრიდან ა. ჯ-ი დაქორწინებულია გ. წ-ეზე. ისინი ერთად ცხოვრობენ ზ-ის რაიონის სოფელ მ. ს-ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ლ. წ-ე (დაბადებული --) და დ. ჯ-ი (დაბადებული --). 2017 წლის ივლისში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ზ-ის რაიონის სოფელ მ. ს-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამმა გ. წ-ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – ა. ჯ-ს ესროლა მობილური ტელეფონი, რომელიც მას მოხვდა შუბლის არეში. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ლ. წ-ე. გ. წ-ის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შედეგად ა. ჯ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
· 2004 წლის იანვრიდან ა. ჯ-ი დაქორწინებულია გ. წ-ეზე. ისინი ერთად ცხოვრობენ ზ-ის რაიონის სოფელ მ. ს-ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ლ. წ-ე - და დ. ჯ-ი . 2017 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზ-ის რაიონის სოფელ მ. ს-ში მდებარე ა. ჯ-ის მშობლების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამმა გ. წ-ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – ა. ჯ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც კისერში მოუჭირა ხელი, მოქაჩა თმა და ერთხელ დაარტყა მუშტი ტუჩის არეში. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები – ლ. წ-ე და დ. ჯ-ი. გ. წ-ის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შედეგად ა. ჯ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და მიიღო სხეულის დაზიანება.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენით გ. წ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისისა და იმავე წლის 10 აგვისტოს ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. წ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისისა და იმავე წლის 10 აგვისტოს ეპიზოდები) და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
6. გამართლებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ვ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება გ. წ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. წ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ა. ჯ-მა (ბრალდებულის მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ სხვა მტკიცებულებებს (მათ შორის – მოწმეების: გ. ს-ის, ჯ. შ-სა და სხვათა ჩვენებებს), ისინი უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მოწმეები არ შესწრებიან მომხდარ ფაქტს და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია, რომლებიც ეფუძნება სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 15 აგვისტოს №- დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის განსაზღვრა. მოწმეების – მ. ჭ-სა და ლ. წ-ის ჩვენებები სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია, რადგან მხოლოდ დაზარალებულს შეუძლია განაცხადოს, ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი, ხოლო სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით არარელევანტურია და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
10. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი