საქმე # 190141121004278686
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2261-21 18 მარტი, 2021 წელი
ი–ი ე., 2261-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ი–ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ე. ი–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 30 აგისტოდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ე. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. ი–ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 დეკემბრის განჩინებით განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ბოლო, უფრო მკაცრმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ე. ი–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას განაჩენთა ერთობლიობისას დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების დღიდან - 2019 წლის 15 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს ბოლო განჩინების მიღების მომენტისათვის - 2018 წლის 30 აგვისტოდან იმავე წლის 13 ნოემბრამდე და 2018 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის 15 დეკემბრამდე. სხვა ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენები დარჩა უცვლელად.
6. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. ი–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური N.. პენიტენციური დაწესებულების დირექტორ გ. კ–ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ე. ი–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ი–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
9. მსჯავრდებულმა ე. ი–მ საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას“ ( იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განჩინება N1248აგ-13; 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება N421-21)
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“.
4. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ე. ი–ი უნდა გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
5. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
6. ამდენად, მსჯავრდებულ ე. ი–ს უნდა აღუდგეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
7. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1822-ე მუხლით, 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“. ,,ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემომითითებული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე. ი–ს უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 6 თვეს.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ე. ი–ი მსჯავრდებულია ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელზედაც „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ ვრცელდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. ი–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ე. ი–ი გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან;
4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ე. ი–ს აღუდგეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);
5. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ე. ი–ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 (ორ) წელსა და 6 (ექვს) თვეს;
6. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე