საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№226აპ-19 ქ. თბილისი
გ-ა მ-ა, 226აპ-19 31 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენით მ. გ-ა, –– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და განემარტა, რომ აქვს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. გ-ამ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის ივნისში გ. მ-ა საცხოვრებლად გადავიდა თავისი შვილის – ე. ჩ-ასა და სიძის – მ. გ-ას სახლში, ზ-ის რაიონის სოფელ ო-ში. საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მ. გ-ა სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა მეუღლის მშობელს – გ. მ-ას და აიძულებდა, დახმარებოდა მისი ნათესავისგან ვალის დაბრუნებაში, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ ვალის დასაბრუნებლად დრო სჭირდებოდა.
· გ. მ-ა, მის მიმართ ჩადენილი მუდივი შეურაცხყოფის, დამცირებისა და შანტაჟის გამო, იძულებული გახდა, საცხოვრებლად გადასულიყო ზ-ის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე მეგობრის – ნ. ნ-ის ბინაში, სადაც 2017 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ. გ-ამ და ე. ჩ-ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. მ-ას, კერძოდ, მ. გ-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რკინის ჯოხი დაარტყა მეუღლის მშობელს – გ. მ-ას მარჯვენა ხელში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ამის შემდეგ ე. ჩ-ამ დაარტყა რკინის ჯოხი დედას – გ. მ-ას მარჯვენა ხელის არეში და ძლიერად მოქაჩა თმა, რის შედეგადაც გ. მ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
· 2017 წლის 5 ივლისს, დილის საათებში, ზ-ის რაიონის სოფელ ო-ში, მ. გ-ამ არასრულწლოვან მ. ჩ-ას თანდასწრებით თოხის ხის ტარი დაარტყა მეუღლის მშობელს – გ. მ-ას მარჯვენა ხელში, რის შედეგადაც გ. მ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანა არონია ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და მ. გ-ას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. გ-ას მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. მართალია, საქმის მასალებში არსებობს ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ივლისის № დასკვნა, რომლის თანახმად, გ. მ-ას სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, მაგრამ ამ დასკვნით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა ეს დაზიანებები გ. მ-ას. ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ამ დაზიანებების შესაძლო მიყენების ფაქტი სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. მხოლოდ დაზარალებულ გ. მ-ას, ასევე მოწმეების – ფ. ჩ-სა და ე. ნ-ის ჩვენებები (რომლებიც არ არიან ფაქტების შემსწრე თვითმხილველები და ისინი სასამართლომ შედეგით დაინტერესებულ პირებად მიიჩნია) კი ვერ გახდება მ. გ-ას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების საფუძველი, მითუფრო, რომ შემთხვევების თვითმხილველი მოწმეებიდან არცერთს არ დაუდასტურებია ბრალდებულის მიერ დაზარალებულზე ძალადობის ფაქტები.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი