ას-652-613-2011 24 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ს. ე-მა”
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ჩ-ძე, კ. ნ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ჩ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.-ძისა და შპს “ს. ე-მის” მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, 2007 წლის 10 ოქტომბერს ვ. ჩ-ძემ რ. ყ-შვილისაგან გენერალური მინდობილობის საფუძველზე, შეიძინა 1991 წელს გამოშვებული, კ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა მერსედეს-ბენცი 609, სარეგისტრაციო ნომრით – ... . მოსარჩელემ, რომელსაც უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს თავის სახელზე გადაეფორმებინა ავტომანქანა, 2010 წლის 16 აგვისტოს მიაკითხა საპატრულო პოლიციას, სადაც განუცხადეს, რომ ავტომანქანა დაყადაღებული იყო. მან აღმასრულებლისგან შეიტყო, რომ კ. ნ-ძის მთელი ქონება, მათ შორის ავტომანქანაც დაყადაღებულ იქნა 2009 წლის 10 აგვისტოს, ანუ მისი გასხვისების შემდეგ.
მოპასუხე შპს “ს. ე-მამ” სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოპასუხე კ. ნ-ძემ სარჩელი ცნო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ძის სარჩელი კ. ნ-ძისა და შპს “ს. ე-მის” მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წლის 30 იანვარს ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე ¹-) საფუძველზე, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ... წერილით დადებული ყადაღისაგან გათავისუფლდა კ. ნ-ძის სახელზე რიცხული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შემდეგი რეკვიზიტებით: მარკა, მოდელი მერსედეს-ბენცი ..., ფერი - ყვითელი 4/8, გამოშვების წელი _ 1991, სანომრე ნიშანი – ... , საიდენტიფიკაციო ნომერი _ -.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. ე-მამ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს “ს. ე-მის” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ამავე სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 15 მარტს 14:00 საათზე, რის შეახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს (ს.ფ. 145-148).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, შპს “ს. ე-მის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს. ე-მის” წარმომადგენელმა ი. ფ-ურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტს ჩანიშნული სხდომის დაწყებამდე, მოწინააღმდეგე მხარეებთან ერთად, იმყოფებოდა სასამართლოს ფოიეში პირველ სართულზე. იმის გამო, რომ საქმის განხილვაზე მოსამართლის თანაშემწემ არ მოიწვია, იგი თავად დაუკავშირდა მას 14:15 საათზე, რომელმაც განუცხადა, რომ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოშივე შეადგინეს აქტი, რაც დაადასტურეს მოწინააღმდეგე მხარეებმაც, ასევე მიმართეს მანდატურის სამსახურს, რომელმაც განუცხადა, რომ მათ კომპეტენციაში მხარეთა პროცესზე გამოცხადების აღნიშვნა არ შედიოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით, საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. ე-მის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდება.
მოცემულ შემთხვევაში შპს “ს. ე-მის” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ინფორმირებულები იყვნენ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა (ს.ფ.146-148).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში სრულიად ასაბუთებს შპს “ს. ე-მის” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტს ჩანიშნული სხდომის დაწყებამდე, მოწინააღმდეგე მხარეებთან ერთად, იმყოფებოდა სასამართლოს ფოიეში პირველ სართულზე. იმის გამო, რომ საქმის განხილვაზე მოსამართლის თანაშემწემ არ მოიწვია, იგი თავად დაუკავშირდა მას 14:15 საათზე, რომელმაც განუცხადა, რომ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოშივე შეადგინეს აქტი, რაც დაადასტურეს მოწინააღმდეგე მხარეებმაც, ასევე მიმართეს მანდატურის სამსახურს, რომელმაც განუცხადა, რომ მათ კომპეტენციაში მხარეთა პროცესზე გამოცხადების აღნიშვნა არ შედიოდა.
აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან, როგორც საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა (რომელსაც ხელს აწერს სასამართლოს მანდატური და თავად თანაშემწე), 2011 წლის 15 მარტს 14.15 საათზე, მან სასამართლოს ფოიეში პროცესზე მოსაწვევად გამოაცხადა მონაწილე პირების ვინაობა, თუმცა იქ მყოფ მოქალაქეებს შორის არც შპს ,, ს. ე-მის” წარმომადგენელი და არც მოწინააღმდეგე მხარეები არ გამოხმაურებიან და არ დაუდასტურებიათ მათი ვინაობა (ს.ფ. 173). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ ისინი იმყოფებოდნენ სასამართლო ფოიეშის სხდომის დაწყებამდე, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ს. ე-მის” წარმომადგენელ ი. ფ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.