საქმე # 820140021004306943
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2281-21 18 მარტი, 2021 წელი
ო–ე შ., 2281-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით შ. ო–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი.
მსჯავრდებულ შ. ო–ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. გამოცხადდა მისი ძებნა და დაკავებისთანავე შესახლებულ უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მას სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს წინასწარ გამოძიებაში პატიმრობაში ყოფნის დრო, კერძოდ - 5 დღე.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ო–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ შ. ო–ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით - 9 თვით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით. მას სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს დაკავებიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
4. 2021 წლის 25 იანვარს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა და იშუამდგომლა მსჯავრდებულ შ. ო–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელებზე ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების გავრცელება.
5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ო–ს ქმედების კანონთან შესაბამისობაში მოყვანამდე პროკურორ დავით ხარძეიშვილს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
7. მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ–მ საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და შ. ო-ძის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით შ. ო–ე მსჯავრდებულია თაღლითობისათვის, კერძოდ, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქის პირად ქონებას, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია). ამჟამად თაღლითობის დისპოზიცია მოცემულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლში. სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიცია არის შემდეგი: სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 2008 წლის მდგომარეობით თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით, ხოლო ამჟამად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შ. ო–ს მიერ ჩადენილი ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს (ამჟამად მოქმედი რედაქცია); საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 27 იანვრით დათარიღებული დაზარალებულ თ. ჩ–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, საიდანაც ირკვევა, რომ თ. ჩ–ს აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, რომ მსჯავრდებულ შ. ო–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენის გამოტანამდე შ. ო–ე იყო ნასამართლობის არმქონე.
6. ამდენად, მსჯავრდებულ შ. ო–ეს უნდა გაუნახევრდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ შ. ო–ეს გაუნახევრდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს წინასწარ გამოძიებაში პატიმრობაში ყოფნის დრო, კერძოდ - 5 დღე;
4. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე