ას-684-645-2011 28 ივნისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებლი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. და თ. ხ-იანების კანონიერი წარმომადგენელი ქ. ფ-ვა
წარმომადგენელი – ხ. გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-იანი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და თ. ხ-იანების, ასევე ქ. ფ-ვას მიმართ სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონების ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ქ.თბილისში, ვ.... ქ.¹12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელე მ. ხ-იანის დედის _ ნ. კ-ძის სახელზე, ქ.მცხეთაში, ... ქ.¹2ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი კი, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მ. ხ-იანის მამის – გ. ხ-იანის სახელზე. ნ. კ-ძე გარდაიცვალა 1996 წლის 4 დეკემბერს, გ. ხ-იანი კი – 1999 წლის 17 ივლისს. ქ.თბილისში, ვ.... ქ.¹12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მესაკუთრე ნ.კ-ძისა და გ. კ-ძის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრებას აგრძელებდნენ მათი შვილები: გნ. და მ. ხ-იანები, რომლებიც მათივე ძმასთან – ი. ხ-იანთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენენ პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს. რაც შეეხება ქ.მცხეთაში მდებარე საცხოვრებელ სახლს, მისი მესაკუთრე ნ. კ-ძისა და გ. კ-ძის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრებას აგრძელებდნენ მათი შვილები: გნ., ი. და მ. ხ-იანები.
დედის, ნ. კ-ძის გარდაცვალების შემდეგ და-ძმა გნ. და მ. ხ-იანები ერთობლივად შეუდგნენ და აგრძელებდნენ დედისა და მამის დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის, ქ.თბილისში, ვ.... ქ.¹12-სა და ქ.მცხეთაში, ... ქ.¹2ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობას. ამდენად, გნ. და მ. ხ-იანებს შორის არსებული შეთანხმებით, მშობლების დანაშთი ქონება, რომელიც იყო მათ მფლობელობაში, გაიყვეს, რა დროსაც მ. ხ-იანს დამატებით ერგო ასევე დედის კუთვნილი სამკაულები, რომლებიც დღემდე მას აქვს. აღნიშნული კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, როგორც გნ., ისე მ. ხ-იანები ფაქტობრივად შეუდგნენ სამკვიდროს ფლობასა და მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მათ სამკვიდრო მიიღეს. 2000 წელს მ.ხ-იანი, ოჯახური პირობების გამო, მართალია, წავიდა ინგლისში, ქ.ლონდონში, სადაც ცხოვრობდა 2008 წლის შემოდგომამდე, მაგრამ იგი ძმას, გნ. ხ-იანს, მის შვილებს და სხვა ახლობელ-ნათესავებს ეხმარებოდა, უგზავნიდა ფულს და სხვადასხვა საჩუქრებს. 2002 წლის 12 დეკემბერს კი, როცა გარდაიცვალა მ.ის ძმა გნ. ხ-იანი, მ. ხ-იანი საქართველოში ჩამოვიდა და დაესწრო მის დაკრძალვას. იგი სამი თვე დარჩა საქართველოში და პერიოდულად ცხოვრობდა, როგორც ქ.თბილისში, ვ.... ქ.¹12-ში, ისე ქ.მცხეთაში, ... ქ.¹2ა-ში, ანუ მშობლების მიერ დანატოვარ სამკვიდროში, რაც ადასტურებს ამ სამკვიდრო ქონებაში მისი წილის რეალურად მიღების ფაქტს, შემდეგ კი ისევ წავიდა ლონდონში.
2009 წლის აპრილში მ. ხ-იანისათვის შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ ქ.თბილისში, ვ.... ქ.¹12-ში მდებარე უძრავი ნივთი – საცხოვრებელი სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით თითქოსდა აღრიცხული იყო გნ. ხ-იანის მეუღლე ქ. ფ-ვას სახლზე, ხოლო ქ.მცხეთაში, ... ქ.¹2ა-ში მდებარე უძრავი ნივთი, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით ირიცხება ა. და თ. ხ-იანების სახელზე.
2003 წლის 29 აპრილს, გნ. ხ-იანის გარდაცვალების შემდეგ, ქ. ფ-ვამ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ლ. ქ-ძეს და მოითხოვა გარდაცვლილი მეუღლის გნ. ხ-იანის სამკვიდრო ქონების მიღება, რომელშიც შედიოდა ქ.მცხეთაში, ... ქ.¹2ა-ში მდებარე გნ. ხ-იანის გარდაცვლილი მამის, გ. ხ-იანის, კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. ამასთან, ქ. ფ-ვამ დაუმალა ნოტარიუსს, რომ ქ.მცხეთაში, ... ქ.¹2ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს და 600 მ2 მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა გ. ხ-იანის ყველა შვილი, თავის ოჯახებით და არა მხოლოდ გნ. ხ-იანი.
2003 წლის 12 ივლისს, ნოტარიუსმა ლ. ქ-ძემ ქ. ფ-ვას სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა გნ. ხ-იანის ზემოაღნიშნულ სამკვიდრო ქონებაზე. 2006 წლის 20 აპრილს, ქ. ფ-ვამ, ქ.თბილისში, ... ქ.¹4-ში ნოტარიუს ლ.ქ-ძესთან გააფორმა სანოტარო აქტი ქ.მცხეთაში, ... ქ.¹2ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი თავის არასრულწლოვან შვილებზე: ა. და თ. ხ-იანის სახელზე ნაჩუქრობის შესახებ. 2007 წლის 17 აგვისტოს ნოტარიუსმა ლ. ქ-ძემ, ქ. ფ-ვას სახელზე, როგორც გნ. ხ-იანის პირველი რიგის კანონით მემკვიდრეზე გასცა სამკვიდრო მოწმობა ¹2-84.
მ. ხ-იანს მართალია, კანონით დადგენილ 6 - თვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, მაგრამ იგი ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობა-სარგებლობას, რაც უნდა ჩაითვალოს სამკვიდროს მიღებად. მოწმობის მიღება არის მემკვიდრის უფლება და არა მოვალეობა. მისი მიუღებლობა კი, არ იწვევს სამკვიდროზე უფლების დაკარგვას, თუ სამკვიდრო მიღებული იყო კანონით დადგენილი წესების დაცვით. გნ. ხ-ანმაც კი დედის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონება თანაბრად უნდა გაყოფილიყო პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებზე: გნ., მ. და ი. ხ-იანზე, თითოეულის სასარგებლოდ 1/3-ის ოდენობით. იმის გამო, რომ მ. ხ-იანი და გნ. ხ-იანი ფაქტობრივად ფლობდნენ და სარგებლობდნენ დედის, ნ. კ-ძის, საკუთრებაში არსებული ქონებით და ი. ხ-იანს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის კანონისმიერი მემკვიდრის მოწმობის მისაღებად, მოსარჩელე მ. ხ-იანის წილი სამკვიდრო ქონებაში შეადგენს ქ.თბილისში, ვ.... ქ.¹12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ქ.მცხეთაში, ... ქ.¹2ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთის სამკვიდრო ქონების 1/2-ს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ ნოტარიუსთან სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენილი არ იყო სხვა მემკვიდრეების განცხადებები სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მამკვიდრებელ ნ. კ-ძის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლში ცხოვრობდა მისი შვილი _ გნ. ხ-იანი. ნოტარიუსმა კანონის სრული დაცვით გასცა მასზე სამკვიდრო მოწმობა. ნოტარიუსმა პრივატიზაციის ხელშეკრულება დაამოწმა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. მოპასუხეების აზრით, სადავო სამკვიდრო მოწმობის, ასევე პრივატიზაციის ხელშეკრულების დამოწმების დროს არ დარღვეულა კანონი, რის გამოც არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. ხ-იანი ცნობილ იქნა ქ. თბილისში ... ქ ¹12 მე-2 სართულზე მდებარე ბინის 1/2 იდეალური წილის მესაკუთრედ, წილობრივი მონაწილეობით 78/189. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და თ. ხ-იანებმა და ქ. ფ-ვამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განჩინებით ა. და თ. ხ-იანების და ქ. ფ-ვას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტების გამოუცხადებლობის გამო. პალატამ მიუთითა, რომ 2011 წლის 29 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, ასევე მათი წარმომადგენელი, რომელთათვისაც სხდომის დღე ცნობილი იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტების კანონიერი წარმომადგენლის ქ. ფ-ვას წარმომადგენელ ხ. გ-შვილს 2011 წლის 1 მარტის სხდომაზე ეცნობა სხდომის გადადების შესახებ 2011 წლის 29 მარტს, 16:00 საათისთვის, რაზეც ჩამოერთვა ხელწერილი, რომელსაც პირადად აწერს ხელს. ამდენად, მისთვის როგორც წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო სხდომის თარიღის შესახებ. წარმოდგენილ დოკუმენტში, რომლითაც იგი ასაბუთებს სხდომის გადადების საფუძვლიანობას არ არის მითითებული, რომ მას აქვს წოლითი რეჟიმი ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობას. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სხდომის გადადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის, 372-ე მუხლის, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 275-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. და თ. ხ-იანების და ქ. ფ-ვას წარმომადგენელმა ხ. გ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 29 მარტს სააპელაციო საჩივრის განხილვის დღეს იგი გახდა ავად, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ვინაიდან იმ დროისათვის ორსულობის გამო შეუძლოდ იყო, არ შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლოში, მით უმეტეს ვერ შესძლებდა სასწრაფო დახმარების სათავო ოფისში წასვლას და ამავე დაწესებულების ხელმძღვანელი პირის ხელმოწერილი ცნობის აღებას და სასამართლოში წარდგენას. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მასთან იმყოფებოდა სწორედ 29 მარტს, დღის 14:30-დან 16:00 საათამდე, ხოლო საქმის განხილვა დანიშნული იყო 16:00 საათზე. განცხადება საქმის გადადების შესახებ და ცნობა სასამართლოში წარადგინა მისმა ძმამ. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად ჩათვალა მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოდ და საქმე დატოვა განუხილველი.
გასაჩივრებული განჩინება ემყარება იმ ფაქტს, თითქოს ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რაც არასწორია, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მოითხოვა ისეთი დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილი იქნებოდა ამავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი პირის მიერ, რაც, დროის სიმცირისა და ავადმყოფობის გამო, შეუძლებელი იყო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 28 კვირის ორსულის, რომელსაც ჰქონდა დაბალი წნევა და ტაქიკარდია, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ უმართებულოდ მიიჩნია სასამართლომ. კერძო საჩივარს თან ერთვის ცნობა, რომელიც ხელმოწერილია ამავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი პირის მიერ და რომლის წარდგენასაც ვერ მოახერხებდა 2011 წლის 29 მარტს, 16.00 საათამდე ავადმყოფობის გამო. შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობაც და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული ცნობის წარუდგენლობაც საპატიო მიზეზით ვერ მოხერხდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. და თ. ხ-იანებისა და ქ. ფ-ვას წარმომადგენელ ხ. გ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტის, 229-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე და მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება) დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობაში, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება, რომ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა და მოსარჩელის გამოუცხადებლობა სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მოსარჩელემ დაკარგა საქმის განხილვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას განაპირობებს, ერთი მხრივ, ვარაუდი საქმის განხილვის მიმართ მისი ინტერესის არარსებობის შესახებ და, იმავდროულად, იგი ისჯება თავისი არაკეთილსინდიერებისათვის, რაც, სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობაში მდგომარეობს. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც უპატივცემლობას გამოიჩენს სასამართლოს მიმართ, საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება და არც თავისი გამოცხადებლობის შესახებ მას არ აცნობებს, რასაც სასამართლო უკავშირებს თავის ვარაუდს, რომ მხარე ცნობს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და საქმის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნია.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ა. და თ. ხ-იანებისა და ქ. ფიცხალავას სააპელაციო საჩივრის განხილვა 2011 წლის 29 მარტს, 16:00 საათისთვის, გამართულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ აპელანტები – ა. და თ. ხ-იანის კანონიერი წარმომადგენელი ქ. ფ-ვა და მისი წარმომადგენელი ადვოკატი ხ.გ-შვილი. აპელანტების წარმომადგენლმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი ავადაა, მწოლიარეა და არ შეუძლია გამოცხადდეს პროცესზე. განცხადებას თან დაერთო სასწრაფო დახმარების მიერ გაცემული ცნობა.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ აპელანტებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებიათ, კერძოდ, წარმოდგენილ დოკუმენტში, რომლითაც წარმომადგენელი ასაბუთებს სხდომის გადადების საფუძვლიანობას, არ არის მითითებული, რომ მას აქვს წოლითი რეჟიმი ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს აზრით, შუამდგომლობის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სხდომის გადადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
დადგენილია, რომ აპელანტების წარმომადგენელმა ხ. გ-შვილმა სასამართლოში საქმის განხილვის დღეს განცხადებით მიმართა სასამართლოს ავადმყოფობის გამო საქმის გადადების მოთხოვნით, მან განცხადებასთან ერთად წარადგინა სასწრაფო სამედიცინო დახმარება “მკურნალის” მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ 2011 წლის 29 მარტს ხ. გ-შვილს, 28 კვირის ორსულს დაუდგინდა დიაგნოზი არტერიული ჰიპოტონია და სინუსური ტაქიკარდია. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ავადმყოფთან იმყოფებოდა დღის 14:30-დან 16:00 საათამდე, ხოლო საქმის განხილვა დანიშნული იყო 16:00 საათზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ცნობა სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევდა, გაეთვალისწინებინა ორსულობის პერიოდში ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და გადაედო საქმე სხვა დროისათვის. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დროის იმ შუალედში იგი ვერ მოახერხებდა მარწმუნებლებთან დაკავშირებასა და გაფრთხილებას და ვერც სამედიცონო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობის სასამართლოში წარდგენას. მართალია, ავადმყოფობის ცნობაში არ არის მითითებული, რომ ხ.გ-შვილს აქვს წოლითი რეჟიმი ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობას, მაგრამ ორსულობის პერიოდში ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობა ქალის ასაკისა და ორსულობის ხანგრძლივობის (მოცემულ შემთხვევაში _ 7 თვე) გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოსათვის იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ადგილი აქვს ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევას, რომელსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამდენად, მხარის გამოუცხადებლობის მიზეზის შემოწმებისას სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ მხარე არაკეთილსინდისიერად იქცევა და გამოხატავს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას ან საქმის განხილვის მიმართ ინტერესი არ გააჩნია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან, ხ. გ-შვილმა წარმოადგინა სასამართლოში განცხადება საქმის გადადების შესახებ, სამედიცინო ცნობასთან ერთად, საიდანაც ირკვევა, რომ, ორსულობის გამო, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპოტონია და სინუსური ტაქიკარდია, მისი გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ. ამდენად, კონკრეტულ შემთხევაში არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. და მ. ხ-იანების კანონიერი წარმომადგენლის ქ. ფ-ვას წარმომადგენელ ხ. გ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.