ას-686-647-2011 30 ივნისი, 2011 წელი
q. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “დ-ი-2008”
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ი-სი და ი-დი”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “დ-ი-2008”-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ი-სი და ი-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 90239 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, შპს “დ-რ-2008”-სა და შპს “ი-სი და ი-დს” შორის 2010 წლის 22 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 2010 წლის 5 მარტიდან მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა ფილები და ბორდიურები, რაც აუცილებელი იყო მოსარჩელესა და ბათუმის მერიას შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებხელშეკრულების შესასრულებლად. იმის გამო, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და საქონლის პირველი პარტია ვადაგადაცილებით _ მხოლოდ 2010 წლის 30 მაისს მიაწოდა, აღნიშნულით შპს “დ-რ-2008”-ს მიადგა ზიანი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “დ-რი-2008”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “დ-რი-2008”-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმ ოდენობითAასლის წარმოდგენა, რამდენი მხარეც მონაწილოებდა საქმეში.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. 2011 წლის პირველ მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარომადგენელმა ჯ. ქ-შვილმა, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 2000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით იმ საფუძვლით, რომ ხარვეზი არასრულად იყო წარმოდგენილი, კერძოდ, აპელანტამ არ განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება, რომლითაც სასამართლო იმსჯელებდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკმარისი იყო თუ არა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად და ასევე არ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ასლი იმ ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში, აპელანტს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით. ამასთან, აღნიშნული განჩინებითვე შპს “დეკორი 2008”-ის წარმომადგენელ ჯ. ქ-შვილს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინებით, შპს “დ-რი-2008”-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ქ-შვილს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მის მიერ მითითებულ მისამართზე, გაეგზავნა და ჩაჰბარდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 02.03.2011 განჩინება, კერძოდ, 2011 წლის 14 მარტს ჩაჰბარდა მისი ოფისის ოფის-მენეჯერს _ ი. მ-ძეს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას დაექვემდებარა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “დ-რი-2008”-მ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გაურკვეველია ვის ჩაჰბარდა ხარვეზის განჩინება, ვინაიდან მითითებულ ოფისში ასეთი საშტატო ერთეული არ არსებობს და არც პიროვნება _ ი. მ-ძე მუშაობს და არც არასდროს უმუშავია. ამდენად, ვინაიდან მისთვის არ იყო ცნობილი სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განჩინების თაობაზე, მოკლებული იყო შესაძლებლობას აღმოეფხვრა ხარვეზი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ შპს “დ-რი-2008”-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმდენიAასლის წარმოდგენა, რამდენი მხარეც მონაწილოებდა საქმეში.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. 2011 წლის პირველ მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარომადგენელმა ჯ. ქ-შვილმა, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 2000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით იმ საფუძვლით, რომ ხარვეზი არასრულად იყო წარმოდგენილი, კერძოდ, აპელანტმა არ განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება, რომლითაც სასამართლო იმსჯელებდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკმარისი იყო თუ არა სააპელაციო საჩივრის წარმოებასი მისაღებად და ასევე არ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ასლი იმდენი ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში, აპელანტს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით. ამასთან, აღნიშნული განჩინებითვე შპს “დეკორი 2008”-ის წარმომადგენელ ჯ. ქ-შვილს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები (იხ. ს.ფ. 202-204).
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჯ. ქ-შვილს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ არ ჩაბარებია, ვინაიდან სასამართლო უწყების ჩამბარებელი პირი _ ინგა მჟავანაძე მითითებულ ოფისში არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავია და არც მსგავსი საშტატო ერთეული არსებობს.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით, ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით, იგი უნდა ჩაჰბარდეს სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული საპროცესო ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლო უწყების მხარის სამუშაო ადგილას გაგზავნის და სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში ადრესატისათვის მისი ჩაბარებულად მიჩნევის შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინება შპს “დ-რი 2008”-ის წარმომადგენელ ჯ. ქ-შვილს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე: (ბათუმი, ... ¹37, ოფისი 17). აღნიშნულ მისამართზე ჯ. ქ-შვილისათვის განკუთვნილი გზავნილი 2011 წლის 14 მარტს ჩაიბარა ი. მ-ძემ, როგორც ოფის-მენეჯერმა (ტომი I, ს.ფ. 206). ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, დასაბარებელ პირს ეკისრება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 15 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 19 მარტს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, შპს “დ-რი-2008”-მა დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “დ-რი-2008”-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.