საქმე # 330141221004290985
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №231I -21 თბილისი
ჭ. ლ., 231I -21 18 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჭ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის განაჩენით ლ. ჭ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2015 წლის 20 სექტემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის განაჩენი ლ. ჭ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
3. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ს შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით - 2 წლით, 10 თვითა და 4 დღით და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა - 2018 წლის 16 ნოემბერს.
4. 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან - თბილისის პრობაციის ბიუროდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. ჭ-ს პირადი საქმე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჭაღლიძის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ჭ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ იგი პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის თანახმად, მას ბრალად დაედო ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც განესაზღვრა სასჯელი; იმის დაშვებითაც კი, რომ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთად მსჯავრი დაედო ამავე კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილითაც, მას სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მაინც უნდა გავრცელდეს, ვინაიდან დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. ჭ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრად დაედო - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და ვინაიდან ლ. ჭ-ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.
4. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ლ. ჭ-ს მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ იმსჯელოს იმ საკითხზე, რომ ზემომითითებული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის აღსრულების წინაპირობებია - მიყენებული ზიანის ანაზღაურება და თითოეული დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე და რამდენად გამოკვეთილია განსახილველ შემთხვევაში ეს წინაპირობები.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი