Facebook Twitter

საქმე # 330141221004283151

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №232I -21 თბილისი

კ. პ., 232I -21 18 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხედვით: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით პ. კ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით პ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით (2013 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით (2013 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2013 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი ) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2013 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და პ. კ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2014 წლის 16 ოქტომბრიდან.

3. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ პ. კ-ს პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით პ. კ-ს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. კ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლასა და მის მიმართ შეღავათის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ პ. კ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებზე და ვინაიდან პ. კ-ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ პ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი